შალვა ნათელაშვილი - მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი კორონავირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის
შალვა ნათელაშვილი - მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი კორონავირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ფრენებისა და ტვირთბრუნვის აკრძალვას ითხოვს. მისი მტკიცებით, თუ ვირუსი საქართველოში გავრცელდა, ქვეყნის ჯანდაცვა ვირუსთან საბრძოლველად მზად არ არის.

„მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი ახალი კორონავირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის. მთავრობის გასაგონად, სასწრაფოდ აკრძალეთ ადამიანთა მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. შეაჩერეთ ყოველგვარი ტვირთები, მათ შორის ფოსტა ამ ქვეყანასთან. განსაკუთრებული კონტროლი დააწესეთ ჩინელთა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში, კონკრეტულად ქუთაისი, თბილისი და ხარაგაულის რეგიონი, სადაც ჩინური ქალაქები აშენდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, „ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ კორონავირუსით დაამარცხოს და მოსპოს ხალხი, გაასუფთაოს ტერიტორია, რათა კარგად მიჰყიდოს მის ფირმებთან კონტრაქტზე მყოფ ირანულ კომპანიებს მიწები.

„თავისუფლად მოძრაობს ტვირთები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. საჰაერო მიმოსვლა დაუბრკოლებლად მიმდინარეობს, აგერ გუშინ ჩამოვიდა ერთი რეისი. აგერ მეზობელმა სომხეთმა იმ პროდუქტის შემოსვლა აკრძალა თავის ქვეყანაში, სადაც ჩინური კომპონენტებია გამოყენებული. მაგალითად, პროდუქტი დამზადებულია საფრანგეთში ან სინგაპურში, მაგრამ რაღაცა ჩინური დეტალია გამოყენებული. ეტყობა ივანიშვილს უნდა, რომ აი, ამით, კორონავირუსით დაამარცხოს და მოსპოს ხალხი, გაასუფთაოს ტერიტორია იმისთვის, რომ მერე კარგად მიყიდოს მის ფირმებთან კონტრაქტზე მყოფ ირანულ კომპანიებს მიწები.

რა თქმა უნდა, ეს არც ისე სერიოზულად, მაგრამ არც სერიოზულობის გარეშე. აბა რომ უყურებ, რა დასკვნა შეიძლება გააკეთო ადამიანმა, როდესაც მთელი მსოფლიოს აეროპორტებში, თვითმფრინავებში ამოწმებენ მგზავრებს, ვიდრე ისინი გადმოვლენ ხომალდიდან. აქ კი პირდაპირ ქალაქის ცენტრში გახსნეს შესამოწმებელი პუნქტი, გაწირეს ექიმები. იმედია, ამ საკითხში მაინც მოეგება გონს ივანიშვილის რეჟიმი. იმედია კორონავირუსი მაინც გამოუცოცხლებს ჩამკვდარ ნეირონებს, იმ ნეირონებს, რასაც პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარული ჰქვია“,- აცხადებს ნათელაშვილი.

ამასთან, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავიდან გამოსულ მგზავრებს მედიკოსები რამდენიმე პროცედურის გავლის შემდეგ ხვდებიან.

„მდგომარეობა ძალიან მძიმეა. თითქოს ბედის უკუღმართობით, ასი წლის უკან „ისპანკას“ სახელით ცნობილი გრიპი, რომელმაც მრავალი 10-ული მილიონი ადამიანი შეიწირა ევროპასა და მთელს მსოფლიოში, განმეორდა. ამჯერად უკვე ჩინეთიდან მეორდება. იმედია, მედიკოსები მალე იპოვიან საშუალებას მისი აცრის, განკურნების და თავიდან აცილების, მაგრამ დღესდღეობით მდგომარეობა სავალალოა და ვიმეორებ, რომ საქართველოს კარი გახსნილია ამ ვირუსისთვის, საჰაერო კარიც, სახმელეთოც, სატვირთოც, ტურისტულიც და ყველანაირი.

თბილისის აეროპორტის საერთო დარბაზში დასვეს მედიკოსთა ბრიგადა, პირდაპირ იქ, სადაც ბარგს არიგებენ და უამრავი ხალხი ტრიალებს. მედიკოსებს არ აქვთ სპეციალური ტანსაცმელი, არ არის ნიღბები და გამოდის, რომ ამ ვირუსით დაავადებული ადამიანი გამოვა თვითმფრინავიდან, შეხვდება მებაჟეებს, მესაზღვრეებს, პასპორტის შტამის ჩამრტყმელებს, ყველას რომ გამოივლის და ყველას რომ გადასდებს, შემდგომ მოხვდება ექიმებთან, რომლებიც პრაქტიკულად, არიან სრულიად დაუცველნი.

არ არსებობს წინასწარ გამზადებული ამბულატორიები და კლინიკები, სადაც მიიყვანენ ვთქვათ, ღმერთმა დაიფაროს და ამ სენით შეპყრობილ ადამიანებს, იზოლირებულად უმკურნალებენ და არ მოხდება ისე, რომ პირდაპირ ავადმყოფებთან მიაქანონ და ასევე დაავადონ ისინიც ახალი სენით“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.