შალვა ნათელაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაისიგრძეგანა პასუხისმგებლობა და არ დაუშვებენ მრავალპარტიულ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მრავალპარტიულ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებები ყოველგვარი გადასინჯვის გარეშე უნდა შესრულდეს.
ნათელაშვილმა ისნის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შესაძლო წარდგენის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიაზრა პასუხისმგებლობა და არ დაუშვებს მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას.
„ვფიქრობ, მრავალპარტიულ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა შესრულდეს ყოველგვარი რევიზიის გარეშე და ამ პოზიციაზე ვიდგები ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საერთო ფორმატის შედუღაბებაში, გაისიგრძეგანა პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია და ისინი არ დაუშვებენ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას.
ჩავთვალოთ, რომ აღნიშნული რყევები წმინდა ემოციური ხასიათისაა, რაც არჩევნების წინ პარტიების შიგნითაც იგრძნობა. მე მაინც მინდა, ვირწმუნო, რომ ეს ემოციური მდგომარეობაა, მაინც ყოფილ თანაპარტიელებს შორის ურთიერთობას ეხება და ამ დროს შეიძლება გარკვეულ განცხადებებს გაგებით შევხვდეთ. ოპოზიციურ პარტიათა საკონსულტაციო ფორმატმა დაამტკიცა მხარდასაჭერი კანდიდატები თბილისში, ეს გადაწყვეტილება რევიზიას არ ექვემდებარება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გუშინ განაცხადეს, რომ პარტიას ისანთან დაკავშირებით კანდიდატურის წარდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ერთიანი კანდიდატების წარდგენა მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლება არჩევნების პირველივე ტურში დამარცხდეს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებენ, თავი შეიკავოს ისანში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე და მხარი დაუჭირონ შეთანხმებულ კანდიდატს.