შალვა ნათელაშვილი - მოვუწოდებ სააკაშვილს, თავი დაანებოს თანამდებობებზე ოცნებებს, ის ორი ვადით უკვე იყო პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტობა დამთავრდა ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვით
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გაგრძელდება ოპოზიციის ერთიანობა, რომელმაც ისტორიული შედეგები მოიტანა.
თუმცა, ნათელაშვილის თქმით, არ სურს, „ზოგიერთი შავი ლაქა უყურადღებოდ დატოვოს“.
შალვა ნათელაშვილის განმარტებით, „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „ლეიბორისტული პარტიის“ მონაცემები მიხეილ საკაშვილისგან არის ნაკარნახევი.
ამასთან, ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ საკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ფარული თანამშრომლობა მიმდინარეობს.
„კარგად მოგეხსენებათ, რამხელა ისტორიული შედეგები დადგა ოპოზიციის ერიანობით, რის გამოც ჩვენ დავივიწყეთ ძველი პრობლემები, დაპირისპირებები და უთანხმოებები. ეს ერთიანობა გაგრძელდება და მივა ლოგიკურ დასასრულამდე. თუმცა, არ მინდა, ზოგიერთი შავი ლაქა დავტოვო ყურადღების გარეშე, რაზეც ადრე რეაქციას არ ვაკეთებდი.
მე უდიდეს პატივს ვცემ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის აქტივს, მათ ხელმძღვანელობას, ჩვენ ერთობლივი კოორდინაციით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შედეგები მიღწევადია, თუ საერთო მიზნები იქნება გადაუხრელი და პრინციპული. აგერ გადავიყვანეთ ქვეყანა ახალ პოლიტიკურ მოდელზე, პროპორციულზე. საერთაშორისო მხარდაჭერა ავკრიფეთ, პოლიტპატიმრების აბსოლუტური ურავლესობა გარეთ არის გამოსული. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, ამისთვის მზად ვართ და ვიყავით.
მაგრამ ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ბავშვობიდან აწუხებს „ლეიბორისტული პარტიის“ დარდი, რა თქმა უნდა, არ ისვენებს არც კიევში. ჩვენ მის განცხადებებზე აქამდე არ ვაკეთებდით რეაქციას, მაგრამ წუხელ, „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, სადაც ჩვენი მონაცემები პირდაპირ მიხეილ საკაშვილის ნაკარნახევია, არ გვიტოვებს უფლებას, არჩევნების წინ გავჩუმდეთ და რეაქცია არ გავაკეთოთ. დღეს ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, პუტინის დაჯგუფებას და არა – ერთმანეთს. თუ მიხეილ სააკაშვილის პრინციპია, რომ უჩემოდ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო, ამას ძნელად დავიჯერებთ, მაგრამ საქმეები ამას მეტყველებს.
უფლებას ვიტოვებ, ასევე გამოვთქვა ეჭვი, რომ მიხეილ საკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გრძელდება ფარული თანამშრომლობა, ალიანსი, რისი მაჩვენებლებიც გახლავთ „ნაცინალური მოძროაობის“ გამსვლელ სიაში ამ პარტიის სახელოვანი წევრების ნაცვლად, ივანიშვილის ოლიგარქების ჩაწერა, როგორებიც არიან მეწამლე ოქრიაშვილი, ყაჩაღი ჩოჩელი, თაღლითი ხაბულიანი და ბიუჯეტის დიდი ყაჩაღი ნიკოლეიშვილი.
პირველივე საკითხზე, როდესაც საქმე მიდგება კოალიციურ მთავრობაზე და ერთი ხმა იქნება გადამწყვეტი, ეს ოთხი ადამიანი რეაქტიული სიჩქარით დააწვება ივანიშვილის და არც ერთ შმეთხვევაში ოპოზიციურ გადაწყვეტილებას. მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, თანამდებობებზე ოცნებებს თავი დაანებოს, ის ორი ვადით იყო უკვე პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტობა დამთავრდა ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვით, პუტინის ოლიგარქატის მოსვლით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით და მისი სახურავებზე სირბილით, კიევში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოპოზიციური ძალების თანამშრომლობას.
„საკმარისია ეს ყველაფერი, ის ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოპოზიციური ძალების თანამშრომლობას, კოორდინაციას, პუტინის ოლიგარქის მოცილებას, ჩვენი ქვეყნის გადაყვანას ახალ ეკონომიკურ და სოციალურ საფეხურზე და არც ერთ ვარიანტში არ მოგვაბეზროს თავი პრემიერ-მინისტრობით, პოლიტიკური მითითებებით, რეიტინგების შედგენით და საკუთარ სიაში ივანიშვილის ოლიგარქების ჩაწერით.
იმედია, გაითვალისწინებს, თუ არა 31 ოქტომბრის მერე ისევ ივანიშვილის რეჟიმი დარჩება ხელისუფლებაში და საკაშვილი ისევ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა მთელი ცხოვრება. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“და მისი წევრების მიმართ. ამ ადამიანებმა შეინარჩუნეს პარტია, როცა ბატონი სააკაშვილი იყო ამერიკაში, კიევში, ჰონგ კონგში და რავიცი, მთელ მსოფლიოში, ირბინა, იწვალა და ახლა ისე მოხდა, რომ თინა ბოუჩავაზე წინ სიაში ხაბულიანია ჩაწერილი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.