შალვა ნათელაშვილის აზრით, მოსკოვში ფიქრობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება მათ მიერ მოყვანილი რეჟიმის დაშლას დააჩქარებს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის აზრით, მოსკოვში ფიქრობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გადაწყვეტილება, მათ მიერ მოყვანილი რეჟიმის დაშლას დააჩქარებს.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, პუტინის რეკომენდაციით დასმულმა პრეზიდენტმა, თავისი ჭკუით, 31 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმურობა გამოაცალა.
„ამ ქალბატონმა რამდენიმე ხნის უკან შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკოვაჭრეები და პედოფილები. მისგან განცხადება, რომ დამნაშავეს არ შეიწყალებს, აჭარბებს მსოფლიო იუმორის ყველა მასშტაბს, თუმცა ეს გახლავთ ტრაგიკული იუმორი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება მას და პარიზიდან მის ამ პოსტზე ჩამომყვანებს. ეს გადაწყვეტილება არის პირადად ბიძინა ივანიშვილისა და მოსკოვის მითითება. მოსკოვში ფიქრობენ, რომ მათ მიერ მოყვანილი რეჟიმი იშლება და უკანასკნელი პოლიტპატიმრის გათავისუფლება უფრო დააჩქარებს ამ დაშლას“, – მიიჩნევს შალვა ნათელაშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს. „მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე, ისიც იცის, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.