ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები იქნება, მახრჩობელა ილეთით მოვგუდოთ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ, 7 იანვრიდან განახლდება.
„ვვარაუდობ, რომ მეხუთე რაუნდი დაიგეგმება მას შემდეგ, რაც ევროპასა და ამერიკაში ჩაივლის შობის დღესასწაულები, რომელიც მოგეხსენებათ, იქაც წმინდათა წმინდა მოვლენაა. საკუთარ პოლიტიკურ პრობლემებსაც კი არ იხილავენ. სავარაუდოდ, 7 იანვრიდან უნდა ველოდოთ მოლაპარაკებების განახლებას. ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები იქნება მახრჩობელა ილეთით მოვგუდოთ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რაც შეიძლება შევამჭიდროვოთ რკალი, რომელიც მას უკვე გარშემო შემოხვეული აქვს და ამის გამო ისინი უკვე აგონიაში არიან. თუ ვინმეს არ სჯერა, მოუსმინოს კობახიძის გამოსვლებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.