შალვა ნათელაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა ძველი ქართული სიბრძნე, რომ „არ განემართების ძაღლის კუდი და არცა კირჩხიბი მართლად ვლის“
დღეს კოჯრის ტყეში გამართულმა პანაშვიდის მსგავსმა სამთავრობო თავყრილობამ, რომელსაც აკლდა ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარში და „თავო ჩემო“, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ მმართველი პარტიის საქმე დამთავრებულია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მმართველ გუნდს განახლება აღარ შეუძლია.
„იმავდროულად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ძველი ქართული სიბრძნე, რომ „არ განემართების ძაღლის კუდი და არცა კირჩხიბი მართლად ვლის“. მმართველ გუნდს აღარ შეუძლია განახლება, ამას ადასტურებს წარმოდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები, სადაც მთელი თანავარსკვლავედია თაღლითების, ზონდერების, ოლიგარქების, მლიქვნელების, მტაცებლების, კორუმპირებულების“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ მომავალ კოალიციურ მთავრობაზე კონსულტაციები უნდა გამართოს.
„ამიტომ ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა – დაიწყოს ძალაუფლების გადაბარებაზე რეალური მუშაობა, ხოლო ოპოზიციამ დაიწყოს მომავალ კოალიციურ მთავრობაზე კონსულტაციები, რათა ჩვენ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ არსებული ჩიხიდან. ის, რაც მოვისმინეთ სიცრუის სახით, აჭარბებდა თითქმის უფასო ფულის იმ ივანიშვილისეულ ვერსიებსაც კი. მაგალითად, თურმე, ცე ჰეპატიტის პროგრამა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელსაც ამერიკა უფასოდ, უანგაროდ, საკუთარი ბიუჯეტით გვიკეთებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.