ნათელაშვილი სააკაშვილს პასუხობს - პარტიებს პულსი რომ არ ესინჯებოდეთ, რეჟიმი ჩამოშლილი არ იქნებოდა, არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა-ევროპაში და ენამზე განცხადებებს გავაკეთებდით ელისეის მინდვრებიდან
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქით“ პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას პულსი არ ესინჯება.
„მე იგივე ვარ მარად და მარად. ექსპრეზიდენტის განცხადება, რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯება და ფაქტობრივად მარტო თვითონ და ბიძინაა იმ ორპროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა, რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია, არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე, ქართველ ხალხთან. პარტიებს პულსი რომ არ ესინჯებოდეს და არ ვიბრძოდეთ, ეს რეჟიმი ჩამოშლილი არ იქნებოდა, ხოლო ჩვენც არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა-ევროპაში, როგორც პოლიტდევნილებს, საიდანაც ენამზე,მწვავე განცხადებებს პერიოდულად გავაკეთებდი ელისეის მინდვრებიდან“, – წერს შალვა ნათელაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი განაცხადა: „არავის აღარ აინტერესებს ლექციები, მე მთლიანად მხარს ვუჭერ ნიკა მელიას და მის ჯგუფს თბილისში, ისევე როგორც ყველა ჩვენს კანდიდატს საქართველოს მასშტაბით, რადგან უბრალოდ შუა მართლა გაკრეფილია, სხვა პარტიებს, თითქმის არც ერთს პულსი აღარ ესინჯებათ, ეს ასეა. ვიცი, რაც ხდება, ინფორმაცია მაქვს“.