შალვა ნათელაშვილი - მედიატორები პირველივე რაუნდიდან გვეუბნებოდნენ, უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და დაიწყოთ საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და დაელოდოთ 2024 წლის არჩევნებს
კოლეგებს ვუფასებ მოთმინებას და გამძლეობას, მაგრამ მე ამის მეტი ყურების ნერვები არ მქონდა და ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი დამეთანხმა ამ დემარშში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პირველივე რაუნდიდან მედიატორები გვეუბნებოდნენ, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და დაიწყოთ საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და დაელოდოთ არჩევნებს, ადგილობრივს და მერე საპარლამენტოს, 2024 წელს. ეს დაახლოებით რას ჰგავს იცით, ადამიანმა მოკლა კაცი და ეუბნებიან, არ დაგიჭერთ, თუ მეორეს არ მოკლავ.
როცა ვხედავთ, რომ მთავარი საკითხებია ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა მელიას გამოშვება და შენ მაიძულებ, დავიწყო სასამართლო და საარჩევნო რეფორმებით, გამოდის, რომ სახლს მაშენებინებ სახურავიდან. უკვე შემიძლია ეს ვთქვა, რომ არა ვარ მოლაპარაკების მონაწილე, რომელიც იწყებოდა პრეამბულით, რომ ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ველოდებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
ბოლოში ეწერა მთლად საოცარი ამბავი, პოსტსკრიპტუმი, რომ ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ოპოზიციის, რომ შევალთ პარლამენტში და ორი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, მათ შორის, ევროკავშირში ერთი. ამათი არასახელმწიფოებრივი ფსიქოლოგია ნახეთ. ამაზეც აწუწუნდა მერე თალაკვაძე და ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე როგორ გადავაყენოო, რა ვუთხრა იმათ, რატო ვყრი თანამდებობიდანო. ჩემს კოლეგებს ვუფასებ მოთმინებას და გამძლეობას, მაგრამ მე ამის მეტი ყურების ნერვები არ მქონდა და ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი დამეთანხმა ამ დემარშში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები ალბათ გაგრძელდება, რადგან ალტერნატივა არ აქვს და მასში ჩაერთვებიან აშშ-ის წარმომადგენლებიც.