შალვა ნათელაშვილი - „ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი არჩევნები და არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება
„ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომელმაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დატოვა.
„მინდა, განვაცხადო, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენ გვერდით მოლაპარაკების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას, კონსულტაციებს და რაუნდებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. მე არაერთხელ მითქვამს, მე კი არ მითქვამს, ასეა სამყაროში, რომ სახლის აშენებას იწყებენ საძირკვლით და არა სახურავით. ჩვენ როგორც კი დავიწყებთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმის საკითხების და სხვა პრობლემების განხილვას, პარლამენტში შესვლის მოთხოვნას წინასწარ, ეს ნიშნავს, რომ პროცესი იშლება. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსი ოლიგარქი რჩება ქვეყნის ბატონ-პატრონად, ქვეყნის დამარბევლად და შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ ვერ შეასრულა თავისი მისია ქართველი ხალხის წინაშე, დღევანდელობისა და მომავლის წინაშე“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა, რომლის თქმითაც, ამ დროისთვის შეხვედრაზე პარლამენტში ოპოზიციის შესვლის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის საკითხები განიხილება.