შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქართველთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ივანიშვილი პასუხისგებაში მიეცემა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქართველთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ივანიშვილი აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში.
შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო ფარისევლური ეპისტოლე.
„ტრაგიკულობა ვითარების იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო აფინანსებდა 9 აპრილის მთავარი ჯალათის გენერალ ლებედის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას, არამედ იგი მანამდე მილიონებით აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სწორედ გენერალი ლებედი. სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით, „როსკრედიტბანკიდან“ დნესტრისპირეთში არსებულ ბანკებში გადარიცხული მილიონებით ყიდულობდა ლებედი იარაღს, აგროვებდა მოხალისეებს, აიარაღებდა სპეცრაზმელებს და გუდაუთის აეროპორტის გავლით წარმართავდა ქართველთა გასაჟლეტად. სწორედ ივანიშვილის სინდისზეა გაგრის ტრაგედია, სოხუმის დაცემა, ჭუბერის უბედურება. ხელისუფლების შეცვლისთანავე ბიძინა ივანიშვილი პასუხისგებაში იქნება მიცემული, მათ შორის აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომისა და ქართველთა მასობრივი გენოციდისთვის, ამ გადარიცხვების დოკუმენტები არსებობს, ეს გადარიცხვები დაფიქსირებულია და არსად არ გაქრება“,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.