შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლებას ურჩევნია, ვიდრე დროა, აახვიოს
შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლებას ურჩევნია, ვიდრე დროა, აახვიოს

ხელისუფლების წასასვლელად საარჩევო მოდელის შეცვლა იყო საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო გამოსავალზე უარი თქვა თვითონ ხელისუფლებამ, ახლა მიიღებენ უარეს გამოსავალს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, აქციის მონაწილეები ქუჩაში მანამდე იდგებიან, ვიდრე „ივანიშვილის ხელისუფლება სახლში არ წავა“.

„გეგმას ხედავთ, გეგმა ერთადერთია, მანამდე ვიდგებით ქუჩაში, ვიდრე არ წავა ივანიშვილის ხროვა პოლიტიკიდან. ხელისუფლების შეცვლა მოხდება რაც შეიძლება სწრაფად, თუ როგორ ამას ნახავს ყველა, მშვიდობიანად თავისთავად ცხადია, ტანკებზე არ ვსხედვართ. აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სოლოლაკიდან არ დაგვიქნევს ხელს. ხელისუფლების შეცვლას ვითხოვთ, საარჩევო მოდელის შეცვლა ამისთვის იყო საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო გამოსავალზე უარი თქვა თვითონ ხელისუფლებამ, ახლა მიიღებენ უარეს გამოსავალს, თუ არ მოეგებიან ჭკუას.

პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ნიშნავდა ხელისუფლების გადაყენებას. ხელისუფლებას რადგან არ უნდა მშვიდობიანად, ევროპული, დემოკრატიული მოდელით წასვლა, მან შეიძლება მიიღოს არცთუ მთლად მისთვის სასურველი მოვლენათა განვითარების სცენარი, რასაც არც ჩვენ ვისურვებდით, ამიტომ ჯობს, აახვიონ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.