შალვა ნათელაშვილი - იწყება დიდი ლაშქრობა ქვეყნის გადასარჩენად, როცა დავით აღმაშენებელმა ამირასაგან გაათავისუფლა თბილისი, შემდეგ დამთავრდა არაბთა ბატონობაც და შეიქმნა დიდი საქართველო
დღეს ჩვენ თბილისი უნდა გავათავისუფლოთ ოლიგარქიისგან და არ უნდა დავუშვათ, რომ თბილისიდან მაჟორიტარის ქსელებით ისევ შემოვიდნენ ხელისუფლებაში ავადსახსენებლი სახეები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ, თბილისის ექვს ოლქში საერთო კანდიდატების დასახელებისას შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულმა ოპოზიციამ, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა სკონსულტაციო ფორმატმა უპრეცედენტო, ეპოქალურ ერთობას მიაღწია.
„კარგად მოეხსენება ჩვენს ერს, რომ როდესაც დავით აღმაშენებელმა ამირასაგან გაათავისუფლა თბილისი, შემდგომ დამთავრდა არაბთა ბატონობაც და შემდეგ შეიქმნა დიდი საქართველო. დღეს ჩვენ თბილისი უნდა გავათავისუფლოთ ოლიგარქიისგან და არ უნდა დავუშვათ, რომ თბილისიდან მაჟორიტარის ქსელებით ისევ შემოვიდნენ ხელისუფლებაში ის ავადსახსენებლი სახეები. ამისთვის ქართულმა ოპოზიციამ, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა სკონსულტაციო ფორმატმა მიაღწია უპრეცედენტო, ეპოქალურ ერთობას და თქვენს წინაშე დღეს ვასახელებთ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებს დედაქალაქ თბილისის ექვს რეგიონში“,- განაცხადა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყნის გადასარჩენად დიდი ლაშქრობა იწყება.
„დღეისთვის ყველაფერი ითქვა, იწყება დიდი ლაშქრობა ქვეყნის გადასარჩენად და ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისელები, დარწმუნებული ვარ, იტყვიან იმ სიტყვას, რაც გააბრწყინებს საქართველოს მთელ დედამიწაზე და დააკავებინებს ადგილს, რომელიც მას ეკუთვნოდა ორბიტაზე. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც მონაწილეობდა ამ უაღრესად რთულ და საინტერესო კონსულტაციებში. ვინაიდან მათ აჩვენეს ერთიანობის, მამულიშვილობის, ეროვნულობის უზარმაზარი მაგალითი დღევანდელობისთვის და მომავლისათვის. მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა, მასმედიას, პრესას, თქვენი სახით, ამ ინტერესისათვის, იმ დიდი საქმიანობისათვის, რასაც აკეთებთ წინა ფრონტზე, ქვეყნის გადარჩენის წინა ხაზზე. მინდა, გამოვთქვა უდიდესი რწმენა, რომ 31 ოქტომბერს საქართველოს გამარჯვების არწივი სწორედ თბილისიდან აფრინდება“,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები დაასახელა.