შალვა ნათელაშვილი - გიორგი გახარია ასეთ პასუხებს თუ გააგრძელებს, მას და მის თანაგუნდელებს აუცილებლად დაიჭერენ
გიორგი გახარია ასეთ პასუხებს თუ გააგრძელებს, მას და მის თანაგუნდელებს აუცილებლად დაიჭერენ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას შესაძლოა, პარტიაც დაუშალონ. ამასთან, ნათელაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი გახარია რუსეთის სარეზერვო ვარიანტია.
„ბატონი გახარია ასეთ პასუხებს თუ გააგრძელებს, მას და მის თანაგუნდელებს აუცილებლად დაიჭერენ, სულ ცოტა პარტიას დაუშლიან, ისევე როგორც ეს თავის დროზე ნოღაიდელს გაუკეთეს. ის თუ არ გადავიდა პირდაპირ დარტყმებზე და არ ამხილა რეჟიმის მეთაური კორუფციაში, სახელმწიფო შესყიდვაში, რეპრესიებში, ქვეყნის მითვისებაში, ყველა იმ უბედურებაში, რაც მან, როგორც პრემიერმა, ძალიან კარგად იცის, ასე მცირე სიმართლით სიარული, პირველ რიგში, მას წაატეხინებს კისერს და პოლიტიკურ კარიერას ძალიან მალე დაამთავრებინებს.
მე ვრჩები ისევ იმ აზრზე, რომ აღნიშნული ფიგურა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის სარეზერვო ვარიანტია. დაინახეს, რომ მათ მოკავშირე ივანიშვილს პრობლემები შეექმნა, შესაძლოა, ძალაუფლება ვერ შეინარჩუნოს, ამიტომ მთელი თავიანთი რეზერვი გამოყარეს. ოლიგარქის გამწარება აქედანაც მოდის, რომ პატრონებთან ცდილობს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას იმიტომ, რომ კონკურენტი გამოუჩნდა. ივანიშვილმა თქვა, რომ არამარტო პარტიის, სამშობლოს ღალატი იყოო და ასეთ ფრაზებს იყენებდნენ სწორედ ბოლშევიზმის დროს, როდესაც რეპრესიებს ახორციელებდნენ თავის თანაპარტიელებზე. ლენინის პოლიტბიურო გადაცხრილა სტალინმა მთლიანად და ყველას საფუძველი სახელმწიფო ღალატი იყო. ეს ტრადიცია ახლაც უცვლელად გრძელდება. დაპირისპირება თანამებრძოლებს, თანამზრახველებს შორის პოლიტიკაში კიდევ უფრო სასტიკია და უფრო საშინელი ანგარიშსწორებით მთავრდება. მე რა უნდა დამიპირისპირდნენ, იციან ჩემი მტერია, მაგრამ იქ, შიგნით ეს გრძნობები ძალიან გამძაფრებულია და გვაგონებს ცოლ-ქმარი რომ იყრება, იქ ატეხილ ისტერიკას და სიძულვილს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.