შალვა ნათელაშვილი - გიგი უგულავა არის ერთადერთი ქარიზმატული პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონიდან, ვისაც შეგიძლია, დაეყრდნო
შალვა ნათელაშვილი - გიგი უგულავა არის ერთადერთი ქარიზმატული პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონიდან, ვისაც შეგიძლია, დაეყრდნო

გიგი უგულავა არის ერთადერთი ქარიზმატული, გამოცდილი პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონიდან, ვისაც შეგიძლია, ენდო და დაეყრდნო, ეს არის პირადი პოზიციაც და რეალობაც, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ზუგდიდში განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ქართულ პოლიტიკაში ამინდს ქმნის ზუგდიდი და სამეგრელო.

„ორ კვირაში ზუგდიდს შეუძლია, ჩვენს ქვეყანას მოაცილოს ოკუპანტი, დამპყრობელი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელისუფლება, დაუბრუნოს ჩვენს ხალხს ძალაუფლება, რის შემდეგაც ენგურს გაღმა დავიწყებთ მსვლელობას და გავალთ ფსოუმდე. დავიბრუნებთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის და რაც ჩვენი დასაბრუნებელია. ეს დიდი ისტორიული მისია აკისრია ზუგდიდსა და სამეგრელოს. ვიცი, რომ 31 ოქტომბერს გამარჯვების დროშები იქნება აფრიალებული მთელი საქართველოსა და დემოკრატიული მსოფლიოს სასიხარულოდ. გიგი უგულავა დღეს არის ერთადერთი ქარიზმატული, გამოცდილი პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონიდან, ვისაც შეგიძლია, ენდო და დაეყრდნო, ეს არის პირადი პოიზიცაც და რეალობაც. ის, როგორც ხელისუფალი იყო ღირსეული ოპონენტი და არის ღირსეული თანამებრძოლი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, გიგი უგულავამ შალვა ნათელაშვილსა და „ლეიბორისტულ პარტიას“ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის ეს დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ვაპირებ გამარჯვებას. დამიჭერენ თუ არა მხარს, მინდა ვიყო ყველა ზუგდიდელის მაჟორიტარი. ერთობა იძლევა საფუძველს, რომ რეალური ხელშესახები გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ ზუგდიდში და ქვეყანაში, შემოვაბრუნოთ ქვეყანა განვითარებისკენ, გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ადამიანებმა თვალებში გამოიხედონ, სამსახურები იპოვონ და ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს. ამისთვის საჭიროა ერთობა. მადლობა ყველა პარტიას, ვინც ზუგდიდში მიჭერს მხარს – „გირჩი“, „გამარჯვებული საქართველო“, „ერთიანი საქართველო“, ვინც მენდო. მე ვიქნები მათი ამომრჩევლის მაჟორიტარი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.