შალვა ნათელაშვილი - ფეხიც არ მივადგათ აქციაზე, სადაც პოლიტიკოსებს კუთხეში ატუზვას დაგვავალებენ, სულიც ამოხდომიათ
აქციის ორგანიზატორები, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ, იმართებიან უშიშროების სტრუქტურებიდან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პოლიტიკოსები არ უნდა მივიდნენ ისეთ აქციებზე, სადაც მათ „კუთხეში ატუზვას დაავალებენ“.
„ნებისმიერი აქციის ორგანიზატორნი, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ, იმართებიან უშიშროების სტრუქტურებიდან. ეს იგივეა, რომ სული გხდებოდეს და ექიმზე უარი განაცხადო. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ, იმ აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ. სულიც ამოხდომიათ. თუ ვერ გაიგეს, რომ პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული, მაშინ არავითარი აზრი ჩვენს თავგანწირვას არ ჰქონია და ვაცალოთ ღომის ჭამა მარტო“, – წერს შალვა ნათელაშვილი.