შალვა ნათელაშვილი - ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიმართ პირადი სიმპათიის მიუხედავად, ევროპულ სადამკვირვებლო მისიებს არ ვენდობით
„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებსა და ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
როგორც ნათელაშვილი ამბობს, მოითხოვა, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ დაუბრუნდეს საარჩევნო კომისიის წევრები.
„გაიმართა შეხვედრა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, რა დროსაც ხაზი გავუსვით ამ არჩევნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, რომელიც სცილდება ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმატს. აქ წყდება საკითხი, საქართველო დარჩება რუსი ოლიგარქის გუბერნიად და ტერიტორიულ ერთეულად, თუ დაბრუნდება იმ დემოკრატიულ სივრცეში, რომელშიც მოსახვედრად შევწირეთ ათასწლეულები.
იმავდროულად, მოვითხოვე, „ლეიბორისტულ პარტიას“ დაუბრუნდეს წართმეული საარჩევნო კომისიის წევრები და გაუქმდეს პარტიის აკრძალვა, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მიიღო იმის გამო, რომ არ მოვიხარეთ ქედი, შევასრულეთ სიტყვა და არ შევედით პარლამენტში. ჩვენი კომისიის გარეშე ვინ უნდა დათვალოს ხმები და ვინ უნდა მოაწეროს ოქმზე თავისი დასტური, სრულიად გაუგებარია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიმართ პირადი სიმპათიის მიუხედავად, ევროპულ სადამკვირვებლო მისიებს არ ენდობიან.
„გარდა ამისა, აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად პირადი სიმპათიებისა ბატონი იონსონისა და მისი მეგობრების მიმართ, არ ვენდობით ევროპულ სადამკვირვებლო მისიებს, რომლებმაც ყველა ბოლო არჩევნებში პრაქტიკულად მხარი დაუჭირეს რუს ოლიგარქს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.