შალვა ნათელაშვილი - ერთად ვსხედვართ პარტიები, ვინც დანასისხლად ვიყავით გადაკიდებული, ვერ წარმოვიდგენდი მათთან ერთად ქვეყნის მომავალზე ფიქრს, მაგრამ ეს მოხდა
„გირჩი“ ჩვენი თანამებრძოლი იყო, ახლა მოხდა სტრატეგიაში განსხვავება, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება, ისევ გამეორდეს თანამშრომლობის ეპიზოდები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „პოლიტიკა რთული ხელოვნებაა“. როგორც ნათელაშვილი ამბობს, დღეს იმ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ზის მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვისთან ერთადაც ქვეყნის მომავალზე ფიქრი ვერ წარმოედგინა.
„მოგეხსენებათ, პოლიტიკა რთული ხელოვნებაა, ის არ გამომდინარეობს კონკრეტული პირების ვნებებიდან ან ემოციებიდან, ის არის პროცესი. ხომ ხედავთ, აქ ერთად ვსხედვართ პოლიტიკური პარტიები, ვინც დანასისხლად ვიყავით გადაკიდებული და ვერ წარმოვიდგენდი, რომ მათთან ერთად მომიწევდა ქვეყნის მომავალზე ფიქრი, მაგრამ ეს მოხდა. ასევე იჯდა ჩვენთან „გირჩი“ ეს პერიოდი. თანამებრძოლები ვიყავით, ახლა მოხდა სტრატეგიაში განსხვავება, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება ისევ გამეორდეს თანამშრომლობის ეპიზოდები. ოპოზიცია არც მიშას, არც ბიძინას, არც შალვას თამაშსა თუ „ტიკტოკებს“ არ თამაშობს. ოპოზიცია იბრძვის მომავლისათვის და ამ ბრძოლაში ყველაფერი და ყველა ფიგურა არის მეორეხარისხოვანი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„გირჩის“ ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს.