შალვა ნათელაშვილი - ექსპრეზიდენტი ისეთი სწრაფია, რომ თვითონაც არ იცის, როდის და სად აღმოჩნდება
ექსპრეზიდენტი ისეთი სწრაფია, რომ თვითონაც არ იცის, როდის, სად აღმოჩნდება. უნდა დავამთავროთ დევნა, დაჭერა, გაგდება, დარბევა, რეპრესიები. ეს თუ არ დამთავრდა, ჩვენ სახელმწიფო არასდროს გვექნება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მთავარია, არჩევნებზე მმართველმა პარტიამ ხმები არ მიიღოს.
„დღეს ის კი არ არის მთავარი, ვინმე ჩამოვიდეს ან ვინმე წავიდეს, დღეს მთავარია, რომ მმართველმა ძალამ და ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღოს არც ერთი ხმა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც მწარედ არიან გადაგდებულნი, მოტყუებულნი და ჭერთავზე დაქცეული. წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს დაძაბული აუცილებლად და უნდა იყოს სამართლიანი არჩევნებით დაგვირგვინებული. თუ ამ დაძაბულობაში და არჩევნების პროცესში მოხდება იგივე, რასაც აკეთებდნენ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება და ეს უპირველესად ცუდი იქნება ქვეყნისთვის, შემდეგ თვითონ მმართველი ძალისთვის, რომელსაც წაუვა საქმე ძალიან არასასიამოვნოდ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
კითხვაზე, რას შეცვლის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა და მისი განცხადება, რომ 3 ოქტომბერს გამოჩნდება მხარდამჭერებთან ერთად, ნათელაშვილის თქმით, „სააკაშვილს ვინც ჰყავს მომხრე, ისევ ის დარჩება მომხრედ“.
„შეცვლა რაღაც გლობალური ელექტორალური მასშტაბით, გამორიცხულია. პოლარიზაცია პარტიებს შორის ქვეყანაში მომხდარია, პასიური ელექტორატიც გამოკვეთილია გარემოებათა გამო, ამიტომ, რაიმე გარდამტეხი ძვრები მისი ჩამოსვლით არ იქნება, თუმცა რა თქმა უნდა, ის ახდენს ამ ყველაფრით საკუთარი ელექტორატის მობილიზებას და მოტივაციის ამაღლებას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, იმ ვიდეომიმართვით, რაც მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა, რჩება თუ არა განცდა, რომ ის საქართველოშია, ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამის გარკვევა რთული საქმეა.
„მე არ გახლავართ ექსპერტი, რომელიც დაადგენს კადრების რეალობას, ეს ძალიან რთული საქმეა“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.