შალვა ნათელაშვილი - დიქტატორულ რეჟიმებს პოლიტიკური პატიმრების გარეშე არ შეუძლიათ, როგორც კაციჭამიას ადამიანის ხორცის გარეშე, ექსპრეზიდენტიც მოხვდა ამ სერიულ კასკადში
დიქტატორულ რეჟიმებს პოლიტიკური პატიმრების გარეშე არ შეუძლიათ, როგორც კაციჭამიას ადამიანის ხორცის გარეშე, მსოფლიოში ისტორიული ფაქტია. ექსპრეზიდენტიც მოხვდა ამ სერიულ კასკადში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მალე გათავისუფლდება.
„იმედია, ის მალე განთავისუფლდება. ის გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ნელ-ნელა ჩაცხრეს და წავიდეს პოლიტიკურად აქტუალური სეზონიდან, რათა ქვეყანას მიეცეს განვითარების საშუალება და მუდმივად არ ვიყოთ იმის მაყურებელი, რომ ერთმა დაიჭირა მეორე, იმან დაიჭირა ის პირველი, მერე ის მოვიდა ხელისუფლებაში, ის წავიდა, ის გაიქცა, ის შემოიპარა და სხვადასხვა. ჩვენ ლოდინის დრო არ გვაქვს. ისტორიის ექსპრესი შეუბრალებელი სისწრაფით მიქრის პროგრესისკენ და ჩვენ ჩარჩენილი ვართ ისევ შუა საუკუნეებია სიბნელეში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.