შალვა ნათელაშვილი ითხოვს, დიპლომატიურ კორპუსთან მოლაპარაკებების ფორმატში სხვა პარტიებიც ჩაერთონ
დიპლომატიურ კორპუსთან მოლაპარაკებების დროს საკონსულტაციო ფორმატის გაფართოება სასურველია, რადგან არავინ არ იცის, ვინ გადალახა ერთპროცენტიანი ზღვარი და ვინ ვერა, იმდენად დადგა ყველაფერი თავდაყირა და იმ დონის ფალსიფიკაცია მოხდა 31 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მან პირველივე შეხვედრაზე დააყენა.
„ეს საკითხი მაშინ ყველამ კეთილგანწყობით მიიღო, მაგრამ ტექნიკური პრობლემებია. იგივე დარბაზი, მოლაპარაკების მაგიდა და სხვადასხვა. ყველა ოპოზიური ძალა არჩევნებს აღიარებს, როგორც ბოროტმოქმედებას, დანაშაულს და არ შეიძლება, ეს პარლამენტი შედგეს. ახალ არჩევნებს ველოდებით, ეს არის ერთიანი პოზიცია ქართული პოლიტიკური სპექტრის. იგივე რეკომენდაცია მივიღეთ, რომ პარლამენტში შესვლა არის მიუღებელი და ყველა რიგგარეშე არჩევნებს ველოდებით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.