შალვა ნათელაშვილი - ცხონებულმა მამაჩემმაც რომ განაცხადოს, არჩევნები დემოკრატიული იყოო, ეს არის არასწორი და დანაშაულებრივი
ახლა თქვენ გინდათ, ამერიკის ელჩს გადაუგზავნოთ ჩემი პასუხები და შეგვიზიზღოს მე და გვარამია? პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი განცხადება, ვინც არ უნდა გააკეთოს ის, თუნდაც ცხონებულმა მამაჩემმა იმ ქვეყნიდან, რომ ეს არჩევნები იყო შედარებით დემოკრატიული და ნორმალური, არის არასწორი და დანაშაულებრივი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ნათელაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ნიკა გვარამიას განცხადებით, ამერიკის საელჩო და ამერიკის ელჩი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, პირიქით, ეწინააღმდეგება კიდეც ქართველ ხალხს, იზიარებთ თუ არა ამ პათოსს“.
„მე არა ვარ გვარამიას განცხადებათა კომენტატორი. მე მაქვს ჩემი აზრი კომბოსტოდან კოსმოსამდე. პირდაპირ გეუბნებით, რომ ყოველგვარი განცხადება, ვინც არ უნდა გააკეთოს ის, თუნდაც ცხონებულმა მამაჩემმა იმ ქვეყნიდან, რომ ეს არჩევნები იყო შედარებით დემოკრატიული და ნორმალური, არის არასწორი და დანაშაულებრივი. ახლა თქვენ გინდათ რომ მერე ამერიკის ელჩს გადაუგზავნოთ ეს ჩემი პასუხები და შეგვიზიზღოს მე და გვარამია ხო? მე არა ვარ გვარამიას განცხადებათა კომენტატორი“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე: „ფიქრობთ, რომ ამერიკა რუსული გავლენის ქვეშ არის“, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს აქვს ბიზნესკავშირები რუსეთთან, რაც კარგა ხანია, ცნობილია.
„ამერიკა არაა რუსული გავლენის ქვეშ. ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს აქვს ბიზნესკავშირები რუსეთთან და ეს კარგა ხანია, ცნობილია ამერიკის კონგრესისთვის, ამაზე იყო საგამოძიებო კომისიები და ამის გამო იმპიჩმენტი წამოაყენეს მის მიმართ. რომ არა ორი სენატორის მხარდაჭერა, ის უკვე იმპიჩმენტირებული იქნებოდა ამის გამო. ასე რომ, მე არაფერს არ ვამბობ, ამას ამბობს ამერიკული პოლიტიკური ელიტა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საქართველოში ამერიკის საელჩომ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.
ამასთან, როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.