შალვა ნათელაშვილი - ჩვენი ხალხისას ვერ გაიგებ, დილით რას ფიქრობს, საღამოს ვის ჰანგზე დაუკრავს, ამიტომ დასჭირდა აღმაშენებელს ყივჩაღების ჩამოყვანა სახელმწიფოს შესაქმნელად
ჩვენი ხალხისას ვერ გაიგებ, დილით რას ფიქრობს, შუადღისას რას გადაწყვეტს და საღამოს ვის ჰანგზე დაუკრავს, ამიტომ დასჭირდა აღმაშენებელს ყივჩაღების ჩამოყვანა სახელმწიფოს შესაქმნელად, – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვას, „აპატიებს თუ არა ხალხი 20 ივნისს“.
მისივე თქმით, გიორგი გახარია პუტინ-ნარიშკინის პროექტს წარმოადგენს.
„ჩვენი ხალხი ვის რას აპატიებს და ვის რითი წაახალისებს, ამის თაობაზე აღმაშენებელსაც კი არ ჰქონდა თავისი აზრი, ისე აღესრულა. ჩვენი ხალხისას ვერ გაიგებ, დილით რას ფიქრობს, შუადღისას რას გადაწყვეტს და საღამოს ვის ჰანგზე დაუკრავს. ამიტომ დასჭირდა აღმაშენებელს ყივჩაღების ჩამოყვანა სახელმწიფოს შესაქმნელად. იგივე ხალხი ვართ, არ შევცვლილვართ. რაც შეეხება გახარიას, ვასაძეებს და მათ მსგავსთ, ისინი პირადად წარმოადგენენ პუტინ-ნარიშკინის პროექტებს, რუსეთის სპეცსამსახურთა უკანასკნელ იმედებს, რადგანაც კრემლში დაინახეს, ივანიშვილი ვეღარ მართავს სიტუაციას და უფრო მეტიც, საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად ზედმეტი დაუთმო დასავლეთს, რა დაუთმო, ჯერ არ ვიცით. ამიტომ დააძრეს სარეზერვო პაიკები, უმცროსი ლეიტენანტები რუსეთის სპეცსამსახურებისა. აი, ეს არის რეალობა და ვინც ამ რეალობას გაიზიარებს, ქვეყნისთვის და მათთვის, ვინც არ გაიზიარებს, მერე არ იკითხონ, რა გვეშველებაო, არაფერიც არ გვეშველება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.