შალვა ნათელაშვილი - არ ვიცი, რა განაცხადა სააკაშვილმა, მაგრამ ევროპის მთელ რიგ პოლიტიკურ ინსტიტუტებში რუსეთი დიდ ფულს ხარჯავს
რუსეთი დიალოგზე მოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვცნობთ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რასაც რუსეთი ვერასდროს ეღირსება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, ვიდრე ქართველი ერი იარსებებს, არ მოხდება ამ ტერიტორიების დათმობა, რუსეთის ან სხვა ვინმეს კუთვნილებად გამოცხადება.
შალვა ნათელაშვილის განმარტებით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ განცხადებაში სწორედ ამ თემაზე მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობდა.
„მე არ ვიცი, ექსპრეზიდენტი რას გულისხმობდა, შესაძლებელია, აი, ამ თემაზე მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობდა, ეს უნდა ჰკითხოთ მას და მის წარმომადგენლებს“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის აგენტი უწოდა ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რამდენად სწორია მსგავსი ტიპის შეფასებები“, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილის კომენტატორი არ არის.
თუმცა, მისივე შეფასებით, მოსკოვი აქტიურად მუშაობს, რათა დასავლური სამყარო მოისყიდოს.
„სააკაშვილის კომენტატორი ხომ არ ვარ, ხალხო, აქ რომ იყო, ის მოიხსენია აგენტად? არ ვიცი, აზრზე არ ვარ. არ ვიცი ახლა მე რა განაცხადა სააკაშვილმა, მაგრამ ევროპის საბჭოშიც, ევროპის კავშირის სტრუქტურებშიც, ევროპის მთელ რიგ პოლიტიკურ ინსტიტუტებში რუსეთი ძალიან დიდ ფულს ხარჯავს, რომ გადაიბიროს თავის მხარეზე. მაგალითად ლეპენს უშუალოდ აფინანსებს, ფრანგი ნაციონალისტების ლიდერს, იქ გრეგორ გიზის პარტიას გერმანიაში. ნუ, მოკლედ აქტიურად მუშაობს მოსკოვი იმისთვის, რომ მოისყიდოს დასავლური სამყარო. არ ვიცი, ვინ იყო დელეგაციის ხელმძღვანელი, აზრზე არ ვარ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.