შალვა ნათელაშვილი - ამგვარი დევნა, რაც „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ ხორციელდება, ყველაზე სისხლიან დიქტატურებსაც არ ახსოვს
ამგვარი დევნა, რაც „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ ხორციელდება, ყველაზე სისხლიან დიქტატურებსაც არ ახსოვს, ამ ფონზე მთლად სირცხვილი ხდება ოპოზიციის პარლამენტში ჯდომა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტზე, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საპარლამენტო ოპოზიციას, დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.
„გრძელდება ,,ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვის დაწყებული პროცესი. ამ წუთებში ე.წ. პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს ,,ლეიბორისტული პარტიისათვის” საარჩევნო საარჩევნო კომისიის წევრთა წართმევის საკითხს. კომისიაში ჩვენს კვოტას ე.წ. პარტიებს აძლევენ, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობაც არ აქვთ მიღებული. ამგვარი აღვირახსნილი რეპრესია, დევნა პოლიტიკური პარტიის მიმართ ყველაზე სისხლიან დიქტატურებსაც არ ახსოვს. ამ ფონზე მთლად სირცხვილი ხდება ოპოზიციის პარლამენტში ჯდომა, რომლებიც ამ პროცესის თანამონაწილენი გამოდიან. კაცს რომ კლავენ, უყურებ და არც ხელს უშლი, არც პოლიციაში რეკავ, რა თქმა უნდა, თანამონაწილე ხარ და პასუხს აგებ, ისევე როგორც პარლამენტში უყურებ შენს კოლეგა ოპოზიციას როგორ კრძალავენ, ართმევენ ძირითად პარტიულ უფლებებს და ხმას არ იღებ, ან ისე, ყოველი შემთხვევისთვის წამოიკნავლებ. ამიტომ ვინც ვართ ოპოზიცია და გადაწყვეტილი გვაქვს, ხალხს ვემსახუროთ, დატოვეთ ეგ ბინძური შენობა.
ჩვენ იმის გამო გვსჯიან, რომ პარლამენტში არ შევედით, ოლიგარქს ქედი არ მოვუხარეთ, არ დავემორჩილეთ საერთაშორისო, საშინაო და სხვა ფორმის ზეწოლებს და დღეს ესღა დარჩათ, რომ ამით ქედი მოგვახრევინონ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. ჩვენს ქედუხრელ ხალხთან ერთად დავრჩებით და იმედია, ის მებრძოლი სული ძალიან დიდ გამარჯვებად გადმოიღვრება და ჩვენ ამ სიბინძურეს წავლეკავთ, რომელიც ჩვენს გზაზე აღმართულა გველეშაპად, უბედურებად, ტანჯვად და ჩაგვრად.
პირდაპირ ჩაიწერა შარლ მიშელის დოკუმენტშიც, ეუთო/ოდირის დოკუმენტებშიც, რომ ბარიერგადალახული 9 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იქნებიან კომისიის წევრები. ეს მთელმა მსოფლიომ, ჩვენც ასე ვიცოდით და საღამოს ვიგებთ, რომ წაგვართვეს ყველა დონის კომისიის წევრი საჯარო სტრუქტურებში. ამას უნდა დაერქვას დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები და ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ბედი?! მეტი არაა ჩემი მტერი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ ივანიშვილის ინიციატივა არ არის და ამაში, სავარაუდოდ სხვა პოლიტიკური ძალებიც მონაწილეობენ.
„რაც ჩვენ მიმართ კეთდება, არ ახსოვს მსოფლიო დევნის ისტორიას, ლათინური ამერიკიდან დაწყებული ნაცისტური გერმანიით გაგრძელებული და ბოლშევიკური რუსეთით დამთავრებული. თვითონ ლუკაშენკოს და პუტინს არ მოსვლიათ აზრად ამგვარი დევნის დაკანონება პოლიტიკური პარტიისა და ოპონენტის მიმართ. ვეჭვობ, რომ ეს მარტო ივანიშვილის ინიციატივა არ არის, ეს სხვა ძალების მონაწილეობითაც ხდება. ვინაიდან, ჩვენ იმ დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ, არ შევედით პარლამენტში, ზოგიერთ მეგობარს ეტყობა, ძალიან ვაწყენინეთ და ისინიც ჩაერთვნენ დევნის ამ სამარცხვინო პროცესში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.