შალვა ნათელაშვილი - ახლა, როდესაც დოღია პარლამენტში შესვლაზე, ურწმუნო თომებმაც კი დაიჯერეს, რომ „ლეიბორისტული პარტია“ არის ერთადერთი, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი მანდატი ხალხის სიყვარულია
შალვა ნათელაშვილი - ახლა, როდესაც დოღია პარლამენტში შესვლაზე, ურწმუნო თომებმაც კი დაიჯერეს, რომ „ლეიბორისტული პარტია“ არის ერთადერთი, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი მანდატი ხალხის სიყვარულია

ახლა, როდესაც ოპოზიციური დოღია გამართული პარლამენტში შესვლაზე, ვფიქრობ, ყველაზე ურწმუნო თომებმაც კი დაიჯერეს, რომ ერთადერთი პარტია, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი მანდატი თქვენი ნდობა და სიყვარულია, არის „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ძირითადი პოლიტიკური სპექტრი „ოლიგარქიული ხის სხვადასხვა ტოტს წარმოადგენს“.

„ახლა, როდესაც ოპოზიციური დოღია გამართული პარლამენტში შესვლაზე, ვფიქრობ, ყველაზე ურწმუნო თომებმაც კი დაიჯერეს, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ღირებულება ქვეყანა, ხალხი და თქვენ ხართ, რომელიც არ დაემორჩილება არავის თქვენი ინტერესების საღალატოდ, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი მანდატი არის თქვენი ნდობა და სიყვარული, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიაა“. სამწუხაროდ, ძირითადი პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს ოლიგარქიული ხის სხვადასხვა ტოტს. აქ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში წარმატებით და აღმავლობით დაწყებული პროცესი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისა, გარკვეულ ოპოზიციურ ძალთა მიერ სეპარატისტულ-მოღალატეობრივად ხელმოწერილმა ე.წ. მიშელის დოკუმენტმა შეწყვიტა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიღო კარგი გადაწყვეტილება.

„სამწუხაროდ, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე, რაც ნამდვილად არ არის კარგი და მე მის მრავალ მხარდამჭერთან ერთად, უაღრესად განვიცდი შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ, ძვირფასო მეგობრებო, გული არ გაიტეხოთ, ბრძოლა გაგრძელდება და ივანიშვილი აუცილებლად დამთავრდება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის შეფასებით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათივე აზრით, პარტია დაშლას გადაარჩინა.

„შიგნით იყო შესვლის მსურველთა საკმაოდ დიდი ჯგუფი და მათზე სერიოზულად იმუშავა პირადად აშშ-ის ელჩმა დეგნანმა, ვიოლა ფონ კრამონმა და სხვა ჩვენმა „უცხოელმა მეგობრებმა“, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფოებრივ და სპეცსტრუქტურებზე. მათ იფიქრეს, რომ ამით პარტია გახლეჩვას გადარჩებოდა, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, რომ აღნიშნულით პარტიამ თითქმის მთლიანად დაკარგა რეიტინგი. ამიტომ, სჯობდა გახლეჩვა და რეიტინგის შენარჩუნება, ვიდრე კორძაიებისა და ვიღაცების გამო პარლამენტში შესვლა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, შალვა ნათელაშვილის თქმით, უმთავრესი ოპოზიციური ძალა, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს სისტემა, მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიაა“.

„ალბათ, ყველა მიხვდით, რომ უმთავრესი ოპოზიციური ძალა, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს სისტემა და ვისაც შეუძლია დაგიბრუნოთ ქვეყანა, სიმდიდრე და უფლებები, მხოლოდ და მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიაა“ და არც ერთ შემთხვევში არ შეიძლება, გაიზომოს მთავარი, თუ არამთავარი ოპოზიციური ძალა დეპუტატთა რაოდენობით.

ეს ასე რომ იყოს, მაშინ ინდოეთი იქნებოდა მილიარდ ნახევრიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და არა მასზე 15-ჯერ პატარა საფრანგეთი. ხარისხი, შინაგანი მდგომარეობა, იდეოლოგია, პრინციპულობა, მოუსყიდველობა და გადაუხრელობა არის მთავარი და არამთავარი ოპოზიციური შეფასების კრიტერიუმი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.