მომავალი წლიდან ქალებს პირველად მიეცემათ საშუალება, საზღვაო მაშველები გახდნენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დღეს ბათუმში წარმატებული მაშველები დააჯილდოვა. სიგელები და საჩუქრები 112-მა მაშველმა მიიღო, რომლებმაც საკურორტო სეზონზე შტორმის დროს 400-მდე ადამიანი გადაარჩინეს.
საჩუქრები მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობამ გადასცა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, მომავალი წლიდან მაშველების სოციალური პირობები გაუმჯობესდება და ქალებს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, გახდნენ საზღვაო მაშველები.
„სიმბოლურად დავაჯილდოვეთ მაშველები, რომლებმაც განსაკუთრებით მძიმე პერიოდში შეძლეს ადამიანების გადარჩენა. მომავალი წლიდან იქნება სიახლე, რომ გაუმჯობესდება მაშველთა სოციალური პირობები, სამსახურის აღჭურვილობა და შეიქმნება გარემო, რომელიც მიმზიდველი იქნება ქალებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ქალი მაშველი ვიხილოთ ბათუმის სანაპიროზე“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.