შალვა ხაჭაპურიძე ვარაუდობს, რომ მომდევნო კვირას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დასრულდება
ჩემი აზრით, მოსამართლე „ნიჩიას“ ვარიანტს გაითამაშებს და ალბათ დააკმაყოფილებს პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობას, თუმცა ამის დაკმაყოფილების საფუძველი სამართლებრივი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შალვა ხაჭაპურიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორი იყო პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა, რაზეც ადვოკატმა აღნიშნა: „პენიტენციურ სამსახურს თუ უნდოდა სამხარაულის ექსპერტიზის დანიშვნა, წელიწადი და ოთხი თვეა, ის პატიმრობაშია, ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლოთ. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რამენაირად არ გაუშვან სააკაშვილი“.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„ვფიქრობ, მოსამართლე ამ შემთხვევაში, „ნიჩიას“ ვარიანტს გაითამაშებს და ალბათ დააკმაყოფილებს, თუმცა ამის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
კითხვაზე, როდის დასრულდება საქმის განხილვა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, მომდევნო კვირაში.
„ვფიქრობ, ერთ ან, მაქსიმუმ, ორ სხდომაში დავამთავრებთ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.