შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აგრესიული რეაქცია ჰქონდა ერთხელ, როცა ეუბნებოდნენ, თითქოს ამერიკელი ექსპერტები შევიდოდნენ, სინამდვილეში შევიდა მოსამართლე და ორი პროკურორი
სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აგრესიული რეაქცია ჰქონდა ერთხელ, როცა მოტყუებით ეუბნებოდნენ, თითქოს ამერიკელი ექსპერტები შევიდოდნენ, სინამდვილეში შევიდა მოსამართლე, ორი პროკურორი და გადაწყვიტეს მისთვის ეგზეკუციის მოწყობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნული ფაქტი პროკურატურის მხრიდან იყო პროვოცირებული, რადგან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამერიკელ ექსპერტებს ნიმუშები უნდა აეღოთ.
ამასთან, ხაჭაპურიძის განმარტებით, „ვივამედის“ დირექტორს, ნინო ნადირაძეს თავად გადასცა საექპერტო დასკვნა, რადგან პენიტენციური სამსახური არ აწვდის მას აღნიშნულ დასკვნას.
„მიხეილ სააკაშვილმა უყურა ნინო ნადირაძის გამოსვლას, რომელმაც დაადასტურა, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ ერთხელ, ისიც მაშინ, როდესაც მოტყუებით ეუბნებოდნენ, თითქოს ამერიკელი ექსპერტები შევიდოდნენ, მაგრამ სინამდვილეში შევიდა მოსამართლე, ორი პროკურორი და პროკურორებმა გადაწყვიტეს, მისთვის ეგზეკუციის მოწყობა. შესაბამისად, ამას მოყვა ეს რეაქცია. რა თქმა უნდა, დაადასტურა ის ფაქტი, რაც „ტვ პირველის“ ეთერში იყო, რომ რაღაც კადრი ირყეოდა და აშკარად ჩანს, რომ არ არის გადაღებული იმ აპარატურით, რომელიც დამონტაჟებულია. როგორც ჩანს, მობილური ტელეფონით არის გადაღებული, ვიღაცები ერთმანეთს უგზავნიდნენ. ეს ქმედება თავად პროკურატურის მხრიდან იყო პროვოცირებული, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა იცოდა, იმ დღეს მის მიმართ უნდა აღებულიყო ამერიკელი ექსპერტების მხრიდან ნიმუშები თმების, ფრჩხილების და ბიოფსია, ამიტომ ყველაფერი გაკეთდა, რათა ეს ნიმუშები არ აეღოთ. მან ისაუბრა ასევე დასკვნასთან დაკავშირებით და თქვა, რომ საექსპერტო დასკვნას თუ პენიტენციური სამსახური არ აწვდის, რაც მათ მოვალეობაში შედის, ქალბატონ ნინო ნადირაძეს და „ვივამედს“ მე გადავეცი ეს დასკვნა. ეს ვალდებულება ჰქონდა პენიტენციურ სამსახურს, რადგან მათ ეს არ შეასრულეს, ამიტომ ახლა ჩაბარდა კანცელარიას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ამასთან, ადვოკატმა გააკეთა განცხადება სააკაშვილს კვებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გუშინდელი განცხადება „შებრუნებულად გაიგეს“.
„ის საკვებზე უარს არ ამბობს, უბრალოდ, უნდა მიეწოდოს ოჯახის მიერ, ანუ განმარტა, რომ ითხოვს, საკვებთან არ ჰქონდეს საერთოდ პენიტენციურ სამსახურს შეხება. დღეს ოჯახს მიაქვს საკვები, გადის პენიტენციურისგან შემოწმებას და ამის შემდეგ შედის სააკაშვილთან. ახლა ითხოვს, რომ ოჯახმა ან ადვოკატმა შეუტანოს, რომ ფიზიკური შეხება არ ჰქონდეს პენიტენციურს. მიზეზი ის არის, რომ მოწამლულია და კიდევ არ გაგრძელდეს მისი მოწამვლის ფაქტი“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
ამასთან, ხაჭაპურიძემ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი ინტერესები იყოს დაცული, და რომ ამ განცხადებას ხელისუფლება უნდა მოეკიდოს სერიოზულად“.
„უნდა უკრაინის ომბუდსმენთან შეხვედრა. არანაირად არ გვინდა ჩვენ პოლიტიკაში შეჭრა, მაგრამ ამ თავდასხმებზე, იძულებული ვართ, ვუპასუხოთ. განცხადებებმა მას მიაყენა სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამან ასახვა პოვა მის ფიზიკურ მდგომარეობაზე და უფრო დამძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.