შალვა ხაჭაპურიძე - პირველი კითხვა, რასაც პროცესზე მალხაზ ურთქმელიძეს დავუსვამ, იქნება ის, თუ რა იწვევს მდგომარეობას, რაშიც ახლა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მას ყოველდღე აქვს 38 გრადუსი ტემპერატურა
პირველი კითხვა, რასაც ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მალხაზ ურთქმელიძეს დავუსვამ, იქნება ის, თუ რა იწვევს მდგომარეობას, რაშიც ახლა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ უთქმელიძის დღევანდელ განცხადებებზე.
„ჩვენ არ ვაპირებთ, სატელევიზიო ეთერებში განვიხილოთ საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მით უმეტეს, რაც ეხება სამედიცინო საკითხებს. ხვალიდან იწყება ექსპერტების დაკითხვა სასამართლო პროცესებზე. ეს საკითხები დასმული იქნება, მათ შორის, ურთქმელიძეცაა მოწმედ დაბარებული და იქ შეუძლია, ისაუბროს ტოქსიკოლოგიურ საკითხებზე. თუმცა პირველი კითხვა, რასაც დავუსვამ მას, იქნება ის, თუ რა იწვევს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ახლა სააკაშვილი იმყოფება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას აქვს 38 გრადუსი ტემპერატურა ყოველდღე. გაგვცეს ამაზე პასუხი, თერაპევტია და გვიპასუხოს. ამისთვის გამოყოფილია სასამართლო დარბაზი.
რაც შეეხება ურთქმელიძის განცხადებებს, ახლა მიდის პიარკამპანიები, უნდათ, პიარით გადაიფაროს ეს თემები. ჩვენი მიზანი არაა პიარი, ჩვენი მიზანია ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამისთვის დანიშნულია სასამართლო პროცესი და სასამართლო პროცესზე იქნება კითხვები. პირველ რიგში, ხვალ უცხოელი ექსპერტები დაიკითხებიან“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, ადვოკატმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩართავენ.
მისივე თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცა, თუმცა, ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილს საზეიმო განწყობა არ აქვს.
„მიყვანით ალბათ, არ მიიყვანენ, მაგრამ იმედია, ჩართავენ. დაბადების დღე მივულოცე, თუმცა საზეიმო განწყობაზე არაა ნამდვილად. ადამიანს აქვს 38 გრადუსი სიცხე, დღეს გაირკვა, რომ ტოქსიკოლოგი ჰყოლიათ. ვინ და რატომ, ეს მიხეილ სააკაშვილს არ ახსოვს. შეამოწმებინეს და ტოქსიკოლოგმა რაღაც რეკომენდაციები გასცა“, – აღნიშნა ადვოკატმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მიწოდებული ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება. მისივე განცხადებით, როცა საუბარია მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, გაუგებარია, რატომ აცხადებს უარს თავად მსჯავრდებული ნიმუშების მიცემაზე.