შალვა ხაჭაპურიძე - ახლა მთავარი თავსატეხია, როგორ მოვახერხოთ, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, კვირაში, სულ მცირე, 2-3 პროცესი მაინც იყოს
შალვა ხაჭაპურიძე - ახლა მთავარი თავსატეხია, როგორ მოვახერხოთ, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, კვირაში, სულ მცირე, 2-3 პროცესი მაინც იყოს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ახლა მთავარი თავსატეხია, როგორ მოახერხონ, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესები ყოველდღე გაიმართოს.

მისივე თქმით, მეორე მხარე პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს.

„ამ საქმის ყველაზე დიდი თავსატეხი ამჟამად გახლავთ ეს საკითხი. მე თუ მკითხავთ, დანარჩენი საკითხები გადაწყვეტილია. გამოცხადდა ამერიკელი ექსპერტი გოლდ სმიტი, რომელმაც დაადასტურა თავის დასკვნაში გაცემული დიაგნოზი, დაუზუსტებელი დემენცია. მეორე მხარის პოზიცია იმისკენ კი არ იყო მიმართული, დიაგნოზის სიზუსტე გარკვეულიყო, არამედ იყო უსუსური მცდელობა, რამენაირად ხინჯი მოეძებნათ საექსპერტო დასკვნისთვის და ეთქვათ, რომ იყო სიმულაცია. ახლა მთავარი თავსატეხია, როგორ მოვახერხოთ, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, რათა ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. 30 მოწმე, საქმეზე 21 ტომი – ვატყობ, კიდევ დაემატება რაღაც ტომები და ეს დროში იწელება. გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ჩვენ გარკვეული მოწმეების მოხსნას არ გამოვრიცხავდით, მეორე მხარემ კი ლამის დამლაგებლები ჩაწერა. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხელოვნურად გააჭიანურონ საქმე.

მოსამართლემ აბსოლუტურად სწორად განმარტა, რომ როდესაც საკითხი დგება ადამიანის სიცოცხლეზე, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად და ამომწურავად უნდა განიხილოს. ჩვენ ვთქვით კიდეც, რომ მზად ვართ, გარკვეული მოწმეები მოვხსნათ, თუმცა გვინდა ამ მოწმეების დაკითხვა. მეორე მხარემ, პირიქით, გაზარდა მოწმეების რაოდენობა. ანუ, რომც მოვხსნათ „ვივამედის“ ან ვიღაც თანამშრომელი, ის არ მოხსნის. ერთადერთი გამოსავალია, რაღაცნაირად შემუშავდეს კითხვების ფორმატი, რომ მოწმეები სწრაფად დაიკითხონ. ვეცდებით, ძირითადი საქმეები დროულად გავიაროთ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

როგორც შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, კვირაში ერთი პროცესი თუ ჩაინიშნება, ის თვეების განმავლობაში არ დამთავრდება. „წარმოუდგენელია, ჩათვალეთ, თვეების განმავლობაში არ დამთავრდება. ვფიქრობ, კვირაში, სულ მცირე, 2-3 პროცესი მაინც უნდა ჩატარდეს და თითო პროცესზე 3-4 მოწმე დაიკითხოს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ კატეგორიულად გამორიცხულია, სააკაშვილი სიმულანტობდეს.

„2021 წლის პირველი ოქტომბრიდან ვისმებთ, თურმე სააკაშვილი სიმულანტობს, მაგრამ მათ პირდაპირ უთხრეს, რომ ისეთი ტესტებით არის კვლევა ჩატარებული, რომელიც სიმულაციის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ხაჭაპურიძემ განმარტა, შესვენების შემდეგ რატომ აღარ ჩაერთო სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.

„ადვოკატი მოვიდა და თქვა, რომ ცუდად გახდა, ვეღარ გააგრძელა პროცესში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ მას სურვილი ჰქონდა. იმ მდგომარეობამდე მივედით, რომ სამართლის მაგივრად უნდა ვეძებდეთ ვენდეტას და შურისძიების გაუგონარ ფაქტს? პირველ ოქტომბერს რომ დააპატიმრეს და შეჰყავდათ, ხომ გვაქვს ეს კადრები ნანახი, ხომ ვნახეთ, დღეს რა მდგომარეობაშია. ამ ადამიანს განკურნებისა და გამოჯანმრთელების ეტყობა რამე? მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური და დამაკმაყოფილებელია?“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა ხაჭაპურიძემ.