შალვა ხაჭაპურიძე - არ მჯერა, რომ პოსტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილია, თუ დაწერა, საინტერესოა, რატომ დაწერა, რა იყო ამის მიზეზი, ეჭვი მაქვს, არ დაუწერია
ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლის შემდეგ, ჩატარდა დამატებითი კვლევა და ჩამოვიდა პასუხი, რომ სააკაშვილს ორგანიზმში აღინიშნება გარკვეული მინერალები. ამჟამად ტოქსიკოლოგი მუშაობს, საიდან შეიძლება ჰქონოდა ეს ნივთიერებები, თუმცა არასდროს ჩვენ მიერ არ გაჟღერებულა, რომ შესაძლებელია მოწამვლა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება რამდენიმე ისეთი მედიკამენტი, რომელსაც არ უნდა იღებდეს, თუმცა ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება ძნელია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოსტს, შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, არ სჯერა, რომ ეს პოსტი სააკაშვილის დაწერილია.
„თვეებია, ვაკეთებთ განცხადებას, რომ გაჩნდა ეჭვი, შესაძლებელია, მას ორგანიზმში ჰქონოდა გარკვეული მეტალები და ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. კერძოდ, „ვივამედის“ ერთ-ერთი ექიმი 15 მაისს აღნიშნავს, რომ უნდა გადამოწმდეს ანალიზები და მას უნდა ჩაუტარდეს კვლევები, ხომ არ არის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალი. გავიდა რვა დღე, გადაიგზავნა მისი სისხლის ანალიზი ლიმბახის ლაბორატორიაში, ლიმბახიდან ჩამოვიდა პასუხი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას არ აღენიშნებოდა ტოქსიკოლოგიის ნიშნები. მას შემდეგ, რაც საქმეზე გაიზარდა მნიშვნელობა, გაირკვა, რომ მინერალები ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდა სისხლის ანალიზებით, ამისთვის საჭირო იყო დამატებითი კვლევა, თმის, ფრჩხილის და ა.შ. როდესაც ჩამობრძანდნენ ამერიკელი ექსპერტები, მათ აიღეს ანალიზები. ჩამოვიდა პასუხი, რომ მას აღენიშნება გარკვეული მინერალები. ამჟამად ტოქსიკოლოგი მუშაობს იმასთან დაკავშირებით, საიდან შეიძლება მოხვედრილიყო ეს ნივთიერებები ამ ადამიანის ორგანიზმში და ა.შ. თუმცა არასდროს ჩვენ მიერ პირადად არ გაჟღერებულა, რომ შესაძლებელია მოწამვლა. მოწამვლა არის იურიდიული დეფინიცია, დანაშაული, თუმცა მინერალები მას შეიძლება, ჰქონდეს ორგანიზმში სხვადასხვა მედიკამენტის შედეგად, უამრავ, 15, თუ 18 მედიკამენტს იღებს. აღვნიშნეთ კიდეც, რამდენიმე ისეთი წამალი მიეწოდება, რომელიც ჩვენი აზრით, არ უნდა მიეწოდებოდეს. როგორც ვიცი, საექსპერტო დასკვნაშიც ქალბატონი ჯიშკარიანი იმსჯელებს. ჯერ ძნელია რაიმე დასკვნის გაკეთება, უნდა დაველოდოთ, წესით ორ-სამ დღეში იქნება პასუხი. ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს „ფეისბუქ“ პოსტი, ამას გავარკვევ რამდენიმე წუთში, არ მჯერა, ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს შესაძლებლობას, რაიმე პოსტები აქვეყნოს „ფეისბუქზე“ , – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკშვილთან არასდროს უსაუბრია მოწამვლასთან დაკავშირებით.
„მე პირადად – არა, ტოქსიკოლოგი ჩართულია საქმეში, მეტსაც გეტყვით, გამოძიებას ჯერ კიდევ რვა თვის წინ აქვს დანიშნული მის მიმართ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, გუშინ გამოვიდა იუსტიციის მინისტრი და განაცხადა, რომ დღეს უნდა დანიშნონ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. ეტყობა, არ იცის იუსტიციის მინისტრმა, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა უკვე დანიშნულია სამხარაულში რვა თვის წინ, არც ჩატარებია არანაირი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. არ ვიცი, თვითონ (სააკაშვილმა) თუ დაწერა, საინტერესოა, რატომ დაწერა და რა იყო ამის მიზეზი. თუ არ დაწერა, ამასაც გავარკვევ. ეჭვი მაქვს, რომ არ დაუწერია. დღეს შევდივარ და უნდა ვნახო“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს: „არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე, ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა“.