შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, პოლონელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან არ დაუშვან
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვების საკითხი დაკავშირებულია იმ დემარშთან, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების სახელით იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.
ხაჭაპურიძემ კომენტარი გააკეთა იუსტიციის სამინისტროს განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა.
„ჩვენი ინფორმაციით, პოლონელი ექსპერტები აპირებენ ჩამოსვლას. ეს გამოწვეული იყო იმ დემარშის საფუძველზე, რომელიც ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ გააკეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგინა. ჩვენი ინფორმაციით, ისინი უნდა ჩამობრძანდნენ და თუ იუსტიციის სამინისტრო არ მისცემს მათ ამის ნებართვას, მათი საქმეა და ჩვენ ამაზე ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ. ბუნებრივია, „ვივამედთან“ მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ მისულა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ამასთან, შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, პოლონელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან არ დაუშვან.
„რა თქმა უნდა, ვუშვებ ამ ფაქტს, რადგან სააკაშვილის მკურნალობის პერიოდი სავსე იყო მსგავსი ტიპის ქმედებებით. გახსოვთ, თვეობით ალოდინეს ამერიკელი ექსპერტები, ვიდრე მათზე ნებართვები გაიცემოდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა დაცვის მხარეს, რომ ეს შედეგი მიგვეღო. ვნახოთ, დავაკვირდებით, იგივე ამ შემთხვევაშიც თუ განმეორდება. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ევროკავშირი მუშაობს ამ მიმართულებით და დანარჩენი ვნახოთ. იუსტიციის სამინისტრო რატომ აკეთებს ამ განცხადებას და როგორ აკეთებს, ალბათ მათ უნდა ვკითხოთ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.