შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სია საზოგადოებისთვის ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი და მასში აუცილებლად მოხვდება რატი ბრეგაძე
შეხვედრა გვქონდა სამართლებრივ ჯგუფთან, გაირკვა მთელი რიგი საკითხები, ამ სიაზე იმუშავებენ მიხეილ სააკაშვილის ქართველი და ამერიკელი ადვოკატები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, „შეხვედრაზე წარდგენილი იყო მტკიცებულებები ყველა იმ პირზე, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდები და მტკიცებულებები, რომ მათ ჩადენილი აქვთ სააკაშვილის მიმართ კანონდარღვევები“.
„განვიხილეთ ეს მტკიცებულებები, გავიარეთ გარკვეული გვარებიც და საკითხი გადმოდის ადვოკატების ხელში. მინდა, მადლობა გადავუხადო ხატია დეკანოიძეს და იურიდიულ ჯგუფს, რომლებმაც ამ საკითხში საერთაშორისო მიმართულებით განახორციელეს საკმაოდ საინტერესო, სერიოზული და შრომატევადი სამუშაო. ეს სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია. რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურებს, იქნებიან ეს დეპუტატები თუ სხვა თანამდებობის პირები, ამ სიაში არ იქნებიან მოხვედრილი, რადგან ამ სიას და ამ ქეისს აქვს თავისი სტანდარტი. ასევე არ მოხვდება არცერთი ისეთი ადამიანი, რომელზეც არ იქნება უტყუარი მტკიცებულება“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისივე თქმით, ამ სიაში აუცილებლად მოხვდება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
„ის არის ჩინოვნიკი, მაღალი თანამდებობის პირი. რატი ბრეგაძე არის იუსტიციის მინისტრი, სააკაშვილი იმყოფება მის მიერ დაქვემდებარებულ პენიტენციურ სამსახურში და ამერიკელი ექსპერტის, სმიტის დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სისტემაში. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ პრეცედენტიდან, რომელიც იყო მაგნიტსკის საქმეზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ სიას შეექმნას გარკვეული შეფერხებები და გვინდა, ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი. ყველა ადამიანი, ვისაც სააკაშვილთან შეხება ჰქონდა კანონდარღვევით და არსებობს მტკიცებულება, ყველა შევა ამ სიაში“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.