შალვა კერესელიძე - „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებში აღებულ პროცენტში გიორგი გახარიას დიდი წვლილია, საქართველოს ბევრი პრემიერი ჰყავდა, მაგრამ არავინ იყო მასზე რეიტინგული
გიორგი გახარიას ძალიან დიდი წვლილია იმ პროცენტში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში აიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
კერესელიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ იყო მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მისი გამარჯვება მთლიანად „ოცნების“ დამსახურებაა.
შალვა კერესელიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთაგან ბევრმა პარტიას გიორგი გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი.
„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ წვლილი არის, მაგრამ ასევე ძალიან დიდი წვლილია გიორგი გახარიასი იმ პროცენტში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში აიღო. ორი წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვიყავი. ჩემი ავტორიტეტი, რესურსი და მოსახლეობის მხარდაჭერა მქონდა. მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი. წარდგენილი ვიყავი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაკი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გავიმარჯვე, ეს მთლიანად „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთაგან ძალიან ბევრმა პარტიას გიორგი გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი. საქართველოს ბევრი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა, მაგრამ ისეთი რეიტინგული, რიგორიც გახარიაა, არავინ იყო“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა გუშინ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. მათი თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე.