შალვა კერესელიძე - გიორგი გახარიას პოზიცია იყო, რომ იმ ღამეს არ უნდა მომხდარიყო ნიკა მელიას აყვანა, საუბარი იყო სწორი დროის და ფორმის შერჩევაზე
გიორგი გახარიას პოზიცია იყო, რომ იმ ღამეს არ უნდა მომხდარიყო ნიკა მელიას აყვანა, საუბარი იყო სწორი დროის და ფორმის შერჩევაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, შალვა კერესელიძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა მელია პოლიტპატიმარი, მან უპასუხა, რომ პოლიტპატიმრები არ არიან არც ნიკა მელია და არც გიორგი რურუა.
„ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია, დეპუტატიც და მოქალაქეც, ამაზე არავინ არ დაობს. მაშინ, როცა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა, ეს არავის გაუპროტესტებია, არც ჩვენს მოქალაქეებს და არც პარტნიორებს. სასამართლოს შესაძლებლობა მიეცა, ემოქმედა თავისუფლად და გახსნილად, მაგრამ საუბარი იყო აღსრულების ფორმაზე. იმ ღამეს, როცა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, გიორგი გახარიას პოზიცია იყო, რომ მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილნი იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მხარდამჭერები, იმ ღამეს არ უნდა მომხდარიყო მელიას აყვანა. საუბარი იყო იმაზე, რომ შეცვლილიყო დრო და ფორმა, სწორი ფორმა შერჩეულიყო. გიორგი გახარია იმას ფიქრობდა, რომ ის შედეგები მიჰყვებოდა, რაც მოჰყვა – არეულობა და უთანხმოება. ნიკა მელია პოლიტპატიმარი არ არის, სხვათა შორის, არც გიორგი რურუა არ არის“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.