შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ საჯარო მოხელეების თანამდებობებიდან გათავისუფლების ერთადერთი მოტივი გიორგი გახარიასადმი მათი კეთილგანწყობაა
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ხელისუფლებამ დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის პირებზე ზეწოლა, რაც მისი თქმით, გამოიხატება თანამდებობიდან განთავისუფლებაში.
როგორც კერესელიძემ აღნიშნა, საუბარია კვალიფიციურ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ საჯარო სამსახურებში სხვადასხვა პოზიციაზე და ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
კერესელიძე გათავისუფლების მოტივად გიორგი გახარიასა და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობას ასახელებს.
„სამწუხაროდ, განთავისუფლების მოტივი არის მხოლოდ ერთი, რომ ამ ადამიანებმა გიორგი გახარიასადმი და გიორგი გახარიას გუნდისადმი გამოხატეს, დააფიქსირეს პირადი მოწონება და კეთილგანწყობა. სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ბრძოლის ეს ფორმები და მეთოდები აირჩია. მე ეს მახსენებს 2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ასეთი ფორმებითა და მეთოდებით ებრძოდა „ქართულ ოცნებას“ და მაშინ ქართველმა ხალხმა ძალიან მტკიცე და პრინციპული უარი განაცხადა. მინდა, ადამიანებისადმი, ვინც განთავისუფლდნენ სამსახურიდან და ყველა საჯარო მოხელისადმი, გამოვხატო მხარდაჭერა და მოვუწოდო, რომ ჩვენ, მთელი გუნდი ყველანაირად დაეხმარება და დაუდგება გვერდში“, – განაცხადა კერესელიძემ.
მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პარტია შექმნილი არ არის.
„ეს ნიშნავს, რომ გიორგი გახარიასადმი და გიორგი გახარიას გუნდისადმი საზოგადოებაში არსებობს ძალიან დიდი და მაღალი მხარდაჭერა, რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა კერესელიძემ.
მისივე თქმით, სხვადასხვა თანამდებობიდან ადამიანები ყოვლად უკანონოდ გაათავისუფლეს.
„მათ განცხადება არ დაუწერიათ. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ჩემს რეგიონს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და ყოვლად უკანონოდ განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება არა აქვთ დაწერილი ყველანაირი საფუძვლის გარეშე იქნენ განთავისუფლებული. იგივე მოხდა შიდა ქართლის რეგიონში, იგივე მოხდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და საკმაოდ დიდი რაოდენობა არის საერთო ჯამში განთავისუფლებული ადამიანებისა, რაც ძალიან სამწუხაროა. „ქართული ოცნება“ დაადგა პოლიტიკური ბრძოლის იმ ფორმებს და იმ გზას, რასაც მისი წინამორბედი „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა“, – აღნიშნა კერესელიძემ.
მისივე თქმით, უსაფუძვლოდ ადამიანების თანამდებობიდან გათავისუფლება არის პრაქტიკულად ზეწოლა.
„როდესაც საჯარო მოხელე ჯეროვნად ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამისთვის არსებობს კანონი და კანონის შესაბამისად, შეიძლება მისი განთავისუფლება, მაგრამ ის რომ ყოვლად უსაფუძვლოდ გაათავისუფლო, არანაირი კანონის ფარგლებში არ ჯდება და სწორედ ამას ვგულისხობთ ზეწოლაში“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დაშლის ტენდენციას ხედავს.
„მგონი მაგ ტენდენციისკენ მივდივართ. როდის,ნამდვილად ვერ გეტყვით ზუსტ თარიღს, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, სწრაფი ტემპით და ტენდენციით მიმდინარეობს ეს პროცესი იქითკენ, რომ „ქართული ოცნება“ დაიშლება და ვეღარ იქნება მმართველი ძალა“, – აღნიშნა კერესელიძემ.
კერესელიძე ასევე უარყოფს იმის შესაძლებლობას, რომ თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები პოლიტიკურ საქმიანობას და გიორგი გახარიას აგიტაციას ეწეოდნენ.
„პარტია ჯერ შექმნილი არ არის ოფიციალურად, არც რეგისტრირებულია და არ არის შესაძლებელი, რომ რაღაც პოლიტიკური საქმიანობა განეხორციელებინა. უბრალოდ, მაგ ადამიანებს, ასევე ძალიან ბევრ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პიროვნებას და არამარტო საჯარო სამსახურში, გიორგი გახარიასადმი აქვთ კეთილგანწყობა და პირადი სიმპატიები. მათ შორის იყვნენ ესენი. ეს დაინახეს და სწორედ ამ მიზეზით მოხდა თანამდებობიდან განთავისუფლება“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
ამასთან, შალვა კერესელიძეს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდება პარტიის ჩამოყალიბება.
„მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, მაგრამ იქნება მალე“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.