შალვა გოგოლაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ კი ის სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს
შალვა გოგოლაძე იქნება კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ კი სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება.
„მინდა, წარმოგიდგინოთ შალვა გოგოლაძე, რომელიც ამ ეტაპზე დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც სპორტის სამინისტრო გამოიყოფა, ის დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას. ასეთია ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება.
შალვა გოგოლაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით არის იურისტი. წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორი, იყო საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი და წლების განმავლობაში ასევე იყო თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. 2015 წლიდან, წლების განმავლობაში, იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და მაშინაც კურირებდა სპორტის მიმართულებას. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ფართო გამოცდილება სპორტის სფეროში და დარწმუნებულები ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული ჯერ პირველი მოადგილე სამინისტროში და შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული სპორტის მინისტრი. მინდა, ბატონ შალვას ვუსურვო წარმატებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შალვა გოგოლაძემ ირაკლი კობახიძესა და მთლიანად გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სრულიად გუნდს. პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო ქართულ სპორტს, ვინაიდან ქართული სპორტი დღეს არის ერთ-ერთ უმაღლეს დონეზე. დარწმუნებული ვარ, პრემიერთან, სრულ გუნდთან ერთად, საქართველო კიდევ ბევრჯერ იზეიმებს იმ დიდ მიღწევებს, რასაც დღეს ზეიმობს როგორც ფეხბურთის, ისე სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ახლო მომავალში დავიწყებთ აქტიურ გასვლებს სხვადასხვა რეგიონში, რათა დავსახოთ გეგმები ქართული სპორტის განვითარების კუთხით“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე კულტურისა და სპორტის მინისტრი დაასახელა. კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა.