საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დეპარტამენტმა, კორონავირუსის მიუხედავად, გამოსავალი ნახა – მწვრთნელთა განათლების მიმდინარე კურსები დისტანციურად გაგრძელდება.
საპილოტე პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მოდელის დახმარებით, ჩატარდა უეფას მწვრთნელთა განათლების „ბე“ ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდულის რეფლექსური სწავლება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის, ზაზა ზამთარაძის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მწვრთნელთა განათლების ყველა მიმდინარე კურსიც დისტანციური სწავლებით გაგრძელდება.
„ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ და მწვრთნელთა განათლების ყველა მიმდინარე კურსი, ვითარების გამოსწორებამდე, ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მოახდენს მწვრთნელთა განათლებისთვის საჭირო ყველა კომპონენტის ადაპტირებას არსებულ მდგომარეობასთან და ისე განაგრძობს სასწავლო პროცესს. საპილოტე პროგრამის წარმატებით განხორციელების შედეგად ჩვენ უკვე შეგვიძლია, რომ დისტანციური სწავლების მეთოდი უეფას მწვრთნელთა განათლების სხვა კურსებზეც გამოვიყენოთ“, – ამბობს ზაზა ზამთარაძე.
უეფას მწვრთნელთა განათლების „ბე“ ლიცენზიის კურსზე ამ ეტაპზე 25 მწვრთნელი ირიცხება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელები უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიას მიიღებენ.