სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.“ – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.