სევეროდვინსკში აფეთქების შემდეგ, რადიაციის მონიტორინგის ახლომდებარე სადგურები მწყობრიდან გამოვიდა
სევეროდვინსკში აფეთქების შემდეგ, რადიაციის დონის მონიტორინგისთვის განკუთვნილი ახლომდებარე სადგურები მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლესინ ზარბომ განაცხადა. მისივე თქმით, რუსმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნული შეფერხება ქსელთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემებით ახსნეს. თავად ზარბო არ აკონკრეტებს, რას შეეძლო გამოეწვია შეფერხება.
როგორც გამოცემა „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რადიაციის დონის განმსაზღვრელი სადგურები საერთაშორისო ქსელის შემადგენლობაში შედის. ეს ქსელი მონიტორინგს უწევს სეისმურ ძვრებს, ბგერით რყევებს და სხვა ცვლილებებს, რომელიც ბირთვულ ცდებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ არხანგელსკის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე აფეთქება 8 აგვისტოს მოხდა. დაიღუპა „როსატომის“ ხუთი თანამშრომელი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფეთქების დეტალები არ გაასაჯაროვა. „როსატომი“ ამტკიცებს, რომ აფეთქება რეაქტიული დანადგართან მუშაობის დროს მოხდა. რუსეთის ჰიდრომეტეორლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქების დროს სევეროდვინსკსა და მის შემოგარენში რადიაციის დონემ ნორმას 16-ჯერ გადააჭარბა.
გამოცემა „მოსკოვ თაიმსის“ ცნობით, ექიმები, რომლებიც აფეთქების შემდეგ დაზარალებულებს მკურნალობდნენ, რადიაციული დაბინძურების საფრთხის შესახებ არ გაუფრთხილებიათ. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო პოლიგონზე აფეთქება სავარაუდოდ, რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდის დროს მოხდა, რომელიც ბირთვული დანადგარითაა აღჭურვილი.