მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერის, სევერიონ დანგაძის განცხადებით, არ იცის, რის გამოა დაკავებული.
ამის შესახებ დანგაძემ კიევის სააპელაციო სასამართლოში პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
სააპელაციო სასამართლოში დღეს დანგაძის საქმეზე მოსმენა უნდა გამართულიყო, თუმცა მოსმენა არ შედგა.
როგორც სევერიონ დანგაძემ პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა, ეს სუფთა პოლიტიკური პროცესია და საერთოდ არ იცის, რის გამოა დაკავებული.
„ასე უსწორდება ლუცენკო პოლიტიკურ ოპონენტებს“, – განაცხადა დანგაძემ.
მისი თქმით, ბრძოლას ბოლომდე აპირებს და ყველას აჩვენებს, რომ დამნაშავე არ არის.
რაც შეეხება მასალებს, სადაც დანგაძის ხმა ისმის, იგი აღნიშნავს, რომ ჩანაწერში ხმა ჰგავს მის ხმას, თუმცა აწყობილია სხვადასხვა საუბრებიდან.
„პირველ ბრალდებაში, რომელიც წარმიდგინეს, იყო ახმედოვი, არბუზოვი და კიდევ 15 ადამიანი. ეს საქმე შეცვალეს და დატოვეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. ეს ნამდვილი სისულელეა. ეს მუხლი ჩვენ არ გვაღელვებს. როდესაც მოვისმინე, ეს ხმა ჩემსას ჰგავს, თუმცა აწყობილია ათობით სხვადასხვა საუბრიდან. იყო ერთ-ერთი ფრაგმენტი, როდესაც დედას ველაპარაკებოდი, ეს კარგად მახსოვს. მზად ვარ, ამ ჩანაწერს დამოუკიდებელი ევროპული ექსპერტიზა ჩაუტარდეს“, – განუცხადა სევერიონ დანგაძემ პირველ არხს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, სააპელაციო სასამართლო სევერიონ დანგაძის საქმეს 19 დეკემბერს განიხილავს. მას 60-დღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანგაძეს სახელმწიფო ღალატსა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაში ედება ბრალი.
შეგახსენებთ, 5 დეკემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთში გაქცეულ უკრაინელ სერგეი კურჩენკოს შორის შუამავალი სააკაშვილთან დაახლოებული პირი სევერიონ დანგაძე იყო.