სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები დააწესა
ევროკავშირმა სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის დიმიტრი ოვსიანიკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. სანქციების დაწესების მიზეზი ოვსიანიკოვის მხრიდან ყირიმის ანექსიის მხარდაჭერა გახდა.
რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ წევრი დიმიტრი ოვსიანიკოვი სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად 28 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით დაინიშნა.
სექტემბერში რუსეთის ხელისუფლების მიერ ანექსირებულ რეგიონში გამართულ ე.წ. არჩევნებში მან ხმების 70% დააგროვა.
ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო შედგენილ „შავ სიაში“ 150 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი შედის. ყველა მათგანს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება, მათი ანგარიშები ევროპულ ქვეყნებში კი დაყადაღებულია. 14 სექტემბერს ევროკავშირმა სანქციების მოქმედების ვადა 2018 წლის მარტამდე გაახანგრძლივა.