სეულში კორონავირუსის გამო 29 მაისიდან საზოგადოებრივი დაწესებულებები დაიხურება
სამხრეთ კორეის ხელისუფლება სეულსა და მის შემოგარენში 29 მაისიდან საზოგადოებრივ დაწესებულებებს დახურავს.
როგორც „სიენენი“ იუწყება, ამის მიზეზი კოორნავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდა და გაჩენილი ახალი კლასტერია. ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 79 ადამიანს დაუდასტურდა, რაც 5 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ახალი შემთხვევებიდან 54 უკავშირდება სეულის მახლობლად მდებარე ლოჯისტიკურ ცენტრს. აღნიშნული კლასტერიდან 4 150 ადამიანი კარანტინში იმყოფება.
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 14 ივნისამდე დაიხურება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პარკები, რეკრეაციული და გასართობი დაწესებულებები, მუზეუმები, თეატრები და გალერეები. გაუქმდება ან გადაიდება სამთავრობო ღონისძიებები. ხელისუფლება მოქალაქეებს 14 ივნისამდე გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში გამოვლენილია კორონავირუსის 11 344 შემთხვევა, 269 ინფიცირებული გარდაიცვალა.