ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 2021 წლის 3 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ გაიმართება.
სააგენტოს ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტონიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები; მარნის, ქვევრისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე, ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტოარქივი, რაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების 8 000-წლიან უწყვეტ ტრადიციას.
„ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, კორეის ფონდით ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება. სამხრეთ კორეა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია. 2020 წელს საქართველოდან სამხრეთ კორეაში 90 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 353 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს.
გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ უფრო გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობასა და საექსპორტო პოტენციალს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ უმნიშვნელოვანეს ღვინის ბაზარზე. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი კონცეფცია და ვიზუალური მასალა კორეელი დამთვალიერებლებისთვის საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს გაცნობას ემსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.