სეტყვამ თელავისა და გურჯაანის რამდენიმე სოფელში ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა
სტიქიამ კახეთში, ახმეტის შემდეგ თელავისა და გურჯაანის სოფლებიც დააზარალა. სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის მუნიციპალიტეტში ლალისყურსა და ფშაველს, ხოლო გურჯაანში ვაჩნაძიანს, კალაურს, კახიფარს, ვაზისუბანს, შაშიანს და ველისციხეს გადაუარა. სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად განადგურებულია ვენახები, სასოფლო-სამეურნეო ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები.
სეტყვამ დააზიანა სახლის სახურავები და მანქანები. ძლიერმა ქარმა დააზიანა ხეხილი და ერთწლოვანი კულტურები, ფესვიანად მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ და ბანკში საკრედიტო ვალდებულებების გადახდა გაუჭირდებათ.
კახეთის გუბერნატორის ხელმძღვანელობით, ხვალ, დილიდან იმუშავებს სპეციალური კომისია, რომელიც აღწერს დაზიანებულ სახლებსა და ვენახებს.
,,დილიდან სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში დაიწყება ზიანის აღრიცხვა, რათა დროულად მოვახდინოთ დაზიანებული სახურავების შეკეთება. ასევე, კომუნიკაციაში ვართ ,,რთველი- 2023“ შტაბთან, რათა დროულად მოხდეს დაზიანებული ყურძნის მოსავლის ჩაბარება ღვინის ქარხნებში“, – განუცხადა პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ალადაშვილმა.