„საზოგადოებამ და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 183 511 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25 პროცენტამდე შეამცირა. შესაბამისად, 185 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.
183 511 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.3 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული: შინამეურნეობებზე – 7 მილიარდი ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე – 5.3 მილიარდი ლარის (43%).
„დღესდღეობით ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნესსესხებია გაცემული – 6.3 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა – 3.7 მლრდ ლარს, ხოლო სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ ლარს შეადგენს. წლიურად ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+32%, პირველი იანვარი, წ.წ.), იპოთეკური სესხების და ბიზნესსესხების მოცულობა კი 8 პროცენტით და 13 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, ანალოგიურ პერიოდში ბიზნესსესხის საშუალო მოცულობა – 198 536 ლარს, იპოთეკურის – 53, 315 ლარს, სამომხმარებლო სესხის კი 27 574 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახლოებით 20 მილიარდი ლარით გაიზარდა 29 მილიარდ ლარამდე, 2024 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით. წლიურმა ზრდამ 17 პროცენტი შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდის ტოლფასია (+18%).
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43 პროცენტს შეადგენს და 10 მლრდ ლარით აღემატება 2018 წლის საშუალო მაჩვენებელს.
2024 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5 პროცენტი შეადგინა, რაც დაახლოებით 0.6 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%).
2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2024 წლის თებერვლის თვეში 0.3 პროცენტი შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.5%-მდე შემცირდა, შემცირება კი 2023 წლის მაისის თვიდან დაიწყო.
„საზოგადოებისა და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია მკვეთრად შემცირებულ ინფლაციასთან. მიმდინარე წელს ფასების ზრდის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დაბალი იქნება, შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი, დიდი ალბათობით, წლის განმავლობაში კიდევ შემცირდება.