სესხზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი დღეიდან 50 პროცენტამდე მცირდება
დღეიდან, პირველი სექტემბრიდან სესხზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100-დან 50 პროცენტამდე მცირდება, – ეს არის ერთ-ერთი დღეს ამოქმედებული სიახლეებიდან საფინანსო ბაზარზე, რომლებიც საპროცენტო განაკვეთისა და სესხზე ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს.
სიახლის თანახმად, თუ 12-თვიანი სესხის მოცულობა 1 000 ლარია, წლიური 100-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, თვეში გადასახდელი თანხა დაახლოებით 115 ლარს შეადგენს, 50-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში კი, 99.5 ლარი იქნება.
მთლიანობაში, მომხმარებელს 1 380 ლარის ნაცვლად, 1 194 ლარის გადახდა მოუწევს. ანუ შეღავათი 186 ლარი იქნება. მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ძირითადად, მოკლევადიან და მაღალრისკიან სესხებზეა.