სესხზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტამდე მცირდება - რა იცვლება მსესხებლებისთვის პირველი სექტემბრიდან
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საფინანსო ბაზარზე რამდენიმე სიახლე ამოქმედდება, რომელიც საპროცენტო განაკვეთისა და სესხზე ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს.
ცვლილება #1 – სესხზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100-დან 50 პროცენტამდე მცირდება. მაგალითად, თუ 12-თვიანი სესხის მოცულობა 1000 ლარია, წლიური 100-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, თვეში გადასახდელი თანხა დაახლოებით 115 ლარს შეადგენს, 50-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში კი, 99.5 ლარი იქნება. მთლიანობაში, მომხმარებელს 1380 ლარის ნაცვლად, 1194 ლარის გადახდა მოუწევს. ანუ შეღავათი 186 ლარი იქნება. მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ძირითადად, მოკლევადიან და მაღალრისკიან სესხებზეა.
ცვლილება #2 – ვადაგადაცილების შემთხვევაში, სესხზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოებისა და სხვა ხარჯების მოცულობა ნარჩენი თანხის 1.5-მაგ ოდენობამდე იზღუდება. მაგალითად, თუ სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის მოცულობა 1000 ლარია, ვადაგადაცილების შემთხვევაში, პროცენტისა და სხვა ხარჯების მაქსიმალური მოცულობა 1500 ლარი იქნება. ანუ მოქალაქეს ჯამში მაქსიმუმ 2500 ლარის დაბრუნება მოუწევს. აქამდე კი მსგავსი რეგულაცია არ არსებობდა და მაქსიმალური ზღვარი დაწესებული არ ყოფილა.
ცვლილება #3 – პირობის დარღვევის შემთხვევაში, სესხზე ყოველდღიური ხარჯის მაქსიმალური მოცულობა მცირდება. მაგალითად, თუ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა 1000 ლარია, დარღვევის შემთხვევაში, სესხზე ყოველდღე მაქსიმუმ 0.41 პროცენტი ემატებოდა – 4.1 ლარი. ახალი წესით, ეს ოდენობა 0.27 პროცენტამდე – 2.7 ლარამდე მცირდება, რასაც შეიძლება, ერთჯერადი 20 ლარი დაემატოს. მაგალითად, ერთთვიან ვადაგადაცილებაზე სესხის ხარჯი ძველი წესით მაქსიმუმ 123 ლარი იყო, ახალი წესით კი, მაქსიმუმ 101 ლარი იქნება.
ცვლილება #4 – უქმდება ტერმინი „შავი სია“, მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი იცვლება. ვადაგადაცილების შემთხვევაში, მათ აღარ მიენიჭებათ ნეგატიური საკრედიტო სტატუსი. საფინანსო ორგანიზაციები მხოლოდ იმას შეამოწმებენ, როგორ იხდიდა მსესხებელი დავალიანებას და შეაფასებენ, დასაშვებია თუ არა მასზე ახალი სესხის გაცემა. ამასთან, საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების მუშაობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ ექცევა.