სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებული იქნება, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 30 აპრილამდე ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტები ან ინფორმაცია წარადგინოს
სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებული იქნება, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 30 აპრილამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტები ან ინფორმაცია წარადგინოს.
შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული ბანკის შესხებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი უმრავლესობის წევრები ირაკლი მეზურნიშვილი და ოთარ დანელია არიან.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც სესხის გამცემი სუბიექტი ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტებსა და ინფორმაციას წარადგენს, სესხის გაცემა/დაფარვა/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე შეეძლება.
პროექტით კონკრეტდება, რომ თუ სესხის გამცემი სუბიექტი სარეგისტრაციო დოკუმენტებსა და ინფორმაციას ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, მას 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის ამოღებასთან/დაფარვასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება.
„კანონპროექტი მიზნად ისახავს, სესხის გამცემი სუბიექტების ინტერესების გათვალისწინებას და მათთვის, ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულებასთან დაკავშირებით საშეღავათო პერიოდის დაწესებას”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.