სესხის გამცემ ორგანიზაციებს ისეთი სესხის გაცემა აეკრძალებათ, როდესაც ჯერ კრედიტის მხოლოდ პროცენტი იფარება, ძირი კი, ვადის ბოლოს
სესხის გამცემ ორგანიზაციებს ისეთი სესხის გაცემა აეკრძალებათ, როდესაც ჯერ კრედიტის მხოლოდ პროცენტი იფარება, ძირი კი, ვადის ბოლოს

სესხის გამცემ ორგანიზაციებს მოქალაქეებზე ისეთი სესხის გაცემა აეკრძალებათ, როდესაც მსესხებელს/თანამსესხებელს მხოლოდ დარიცხული პროცენტის გახდა უწევს, ხოლო სესხის/კრედიტის ძირს ან მის მნიშვნელოვან ნაწილს ვადის ბოლოს ფარავს.

აღნიშნულ აკრძალვას ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. დოკუმენტი ჯერ მხოლოდ სამუშაო ვერსიაა, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შესაძლოა, შინაარსობრივად და ტექნიკურად შეიცვალოს.

ამავე პროექტის თანახმად, სესხის/კრედიტის ძირის გადახდა სასურველია, მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საშეღავათო პერიოდი არ აღემატება ექვს თვეს იპოთეკურის, ხოლო სამ თვეს სხვა ტიპის სესხების/კრედიტების შემთხვევაში, სესხის მოქმედების განმავლობაში.

ასევე, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ, სესხის/კრედიტის დამუშავებისას უნდა გაითვალისწინოს სავალუტო რისკები, ისეთი შემთხვევები, როდესაც მსესხებელს შემოსავალი სხვა ვალუტაში აქვს, ხოლო კრედიტი სხვა ვალუტაში, ასევე როდესაც სესხზე ცვლადი საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს.

სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ მოთხოვნები და აკრძალვები ითვალისწინებს იმას, რომ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისას და სესხის/კრედიტის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მსესხებელს/თანამსესხებელს ჭარბვალიანობის გარეშე უნდა შეეძლოს ჯამური ვალდებულებების მომსახურება; ამასთან, მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებს და გადასახდელებს შორის სხვაობა საოჯახო მეურნეობის საარსებო მინიმუმს უნდა აღემატებოდეს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებს უწესებს. პროექტის მიხედვით, დაუშვებელია, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ სესხი მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გასცეს.

საფინანსო ინსტიტუტებსა და დაინტერესებულ პირებს პროექტის შესახებ ეროვნულ ბანკში საკუთარი მოსაზრებების წარდგენა სექტემბრამდე შეუძლიათ. ახალი რეგულაციები საფინანსო ინსტიტუტებისთვის 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. რეგულაციები გავრცელდება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტზე, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.